ვანო მერაბიშვილის პირველი კომენტარი პროკურატურის ახალ ბრალდებებზე
ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის წარდგენილ ბრალდებას სასაცილოს უწოდებს.
„აღნიშნული ბრალდების წაყენება შედის პუტინის ინტერესებში, რომელსაც „საქართველოში ფაქტობრივი მმართველი, ხელისუფლების უზურპატორი, “გაზპრომის” მთავარი აქციონერი, ბორის ივანიშვილი ახორციელებს და იგი მტრის პირდაპირ დავალებას ასრულებს“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე გამართულ პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას.
„ყველაფერს აეხადა ფარდა. ნათელია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ჭერს აარტყა თავი და ამის ზემოთ ის ვერ წავა. დღეის მერე მისი გზა არის ქვევით და ივანიშვილი საქართველოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებს. სამწუხაროა, რომ დღევანდლმა ხელისუფლებამ ლეგიტიმურობა დაკარგა. მე მეცოდება ყველა პროკურორი და მოსამართლე, ვინც ამ პატარა კაცის დავალებებზე ბრძანებებს ასრულებს. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავექცევით“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
მან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.