გიგა ბოკერია: დღევანდელი მოვლენები არ უკავშირდება საკითხს, თუ რა მოხდა 2007 წელს

როგორც ჩანს, პუტინთან ურთიერთობის დალაგების ნაწილია მიხეილ სააკაშვილის დევნა. ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას. მისივე თქმით, მთავრობას სხვა არაფრის კეთება არ შეუძლია, ყველა მიმართულებით არიან ჩავარდნილები, ვერც ერთი საარჩევნო დაპირება ვერ შეასრულეს, იზრდება უმუშევრობა და კრიმინალი.
“დღევანდელი განცხადება არის ღია დეკლარაცია ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მონების გუნდის, მისი ჯიბის პროკურორების მხრიდან იმისი, რომ სანამ ისინი არიან ხელისუფლებაში და სანამ ივანიშვილი აკონტროლებს საქართველოს მთავრობას, ერთადერთი, რის კეთებასაც აპირებენ და რითიც დაკავდებიან, არის სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” დევნა. ეს ხდება იმიტომ, რომ ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ გაანადგურეს, ეს ხდება, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ პუტინთან ურთიერთობის დალაგების ნაწილია სააკაშვილის დევნა, მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს და მისი მონების გუნდს, ამ მეთოდებით ავტორიტარულ რეჟიმს ვერ შეინარჩუნებენ. ქართული საზოგადოება აუცილებლად შეცვლის ამ ხელისუფლებას კონსტიტუციური მეთოდებით”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2007 წლის 7 ნოემბერის დღეებში ადგილი ჰქონდა ღია მცდელობას ოლიგარქის მხრიდან სახელმწიფოს გადატრიალების, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით.
“ვითარება იყო საკმაოდ სერიოზული. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ შემთხვევებში ძალის გადამეტებულ გამოყენებას და ყველა ნაბიჯი შეიძლება არ იყოს სწორი. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ის გადადგა და დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ყველა შემთხვევაში, დღევანდელი მოვლენები არ უკავშირდება იმ საკითხს, თუ რა მოხდა 2007 წელს”, – განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები