ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება დაუყონებლივ უნდა მოხდეს
„უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის აზრით, ფაქტი, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, ცალსახად მიუთითებს, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა. მისი თქმით, თუ სააკაშვილი მართალია, მაშინ ის უპრობლემოდ უნდა თანამშრომლობდეს გამოძიებასთან.
„პრეზიდენტთან არსებობს კითხვები და იმისთვის, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს, ამისთვის კონსტიტუციას ვერ შევცვლით. სასაცილოა, როცა „ნაციონალები” საუბრობენ, თუ სააკაშვილს დაკითხავენ, ამით უკრაინაში ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ან საქართველოში დიქტატურა დამყარდება. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება. კატა-თაგვობანას თამაში უნდა დასრულდეს და სააკაშვილი გამოძიების წინაშე ვიხილოთ”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილი აქამდეც უნდა დაკითხულიყო, ახლა კი მას ბრალი დაუსწრებლად უნდა წაუყენონ.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღე და ღამე ქადაგებს, როგორ შეიძლება პრეზიდენტი დაიკითხოს. რას ნიშნავს, როგორ შეიძლება? თუ კითხვები არსებობს, რატომ არ უნდა დაიკითხოს? დაგვიანებულიც არის, რომ ის აქამდე არ დაიბარა გამოძიებამ. საუბარია 10 საქმეზე, რომლებზეც მის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დანაშუალი აქვს ჩადენილი. დაუსწრებლად ბრალის წაყენების შემდგომ მისი საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება“, – აღნიშნა მჟავანაძემ.