ნუკრი ქანთარია: პროკურატურამ სერიოზულად იმუშავა და მათ აქვთ სერიოზული ფაქტები
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, საზოგადოების ყველა წევრმა იცოდა და ეჭვი ჰქონდა ყველას, რომ წინა ხელისუფლება სისტემურ დანაშაულებებს აწარმოებდა. ამასთან, დეპუტატს აინტერესებს, სად მიჰქონდა სააკაშვილს ეს ფული და ფიქრობს, რომ უცხოელების კომენტარებიდან ნათლად გამოჩნდება, სად მიდიოდა ასეთი ფორმებით ნაძაცვი ფული.
“ფაქტობრივად, ეს იყო რეკეტი და მათი მიზანი ბიზნესისა და ბიზნესმენების სრული დამორჩილება გახლდათ. ნებისმიერი მეთოდებით ისინი ამას ცდილობდნენ. ამის სათავეში იდგნენ ის ხალხი, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, კერძოდ, მერაბიშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი, უგულავა და ავტორი იყო სააკაშვილი. გახსოვთ, ალბათ, რომ 7 ნოემბრის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება იყო ძალიან მკვეთრი და აქტიური. მე მონაწილე ვარ 7 ნოემბრისა, გაზიც ვიგემე და ტყვიებიც მომხვდა, მაგრამ რაც გააკეთეს დამოუკიდებელ მედიაში – “იმედში”, ეს იყო განზრახ გაკეთებული, იქედან არავითარი საშიშროება არ მოდიოდა, მაგრამ ამის მიზანი ბადრი პატარკაციშვილის სრულად განეიტრალება იყო და შემდეგ რითიც დამთავრდა, კარგად ვიცით. მთლიანად უნდოდათ და ეს მიზანდასახული ქმედებები მიმდინარეობდა”, – განაცხადა ქანთარიამ.
მისივე თქმით, თუ პროკურატურა სერიოზულად მიუდგებოდა ამ საქმეს, ეჭვიც არ არსებობდა, რომ დაახლოებით, ასეთი ბრალი იქნებოდა წარდგენილი.
“როგორც ჩანს, პროკურატურამ მართლაც სერიოზულად იმუშავა და მათ აქვთ სერიოზული ფაქტები. ასე რომ, თუ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას წყალგაუმტარ ფაქტებს დავუდებთ, ვერაფერს იტყვის, რადგან სწორედ მათი მოგონიალია, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და ამისკენ მივისწრაფით ჩვენც. ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი ეს არის, რომ ადამიანი, განურჩევლად მისი თანამდებობისა, დამსახურებისა, თუ დანაშაულს ჩადის, მან პასუხი უნდა აგოს და მითუმეტეს, ასეთი სისტემურ დანაშაულთან როდესაც გვაქვს საქმე, როცა ეს იყო მთელი რგოლი, ჯაჭვი, კასკადი ასეთი დანაშაულებრივი სინდიკატისა, თუმცა ამას რასაკვირველია, სასამართლო დაადგენს და იმედი მაქვს, რომ პროკურატურა წყალგაუმტარ ფაქტებს დადებს, მითუმეტეს, რომ ახლა მას საკმაოდ გამოცდილი კონსულტანტები ჰყავს”, – განაცხადა ქანთარიამ.