სოზარ სუბარი: პროკურატურამ უკვე დოკუმენტურად დადო, რომ საქმე სისტემურ დანაშაულთან გვქონდა
ყოფილი სახალხო დამცველის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ამჟამინდელი მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, საქმე, რომლის გამოც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პასუხისგებაში მიეცა, სისტემური დანაშაულის ერთგვარი აპოგეაა. მისივე თქმით, პროკურატურამ დოკუმენტურად დაადასტურა, რომ საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება.
„ეს არის ამ სისტემური დანაშაულის ერთგვარი აპოგეა. ძალიან სასიხარულოა, რომ პროკურატურამ კი არ იჩქარა, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ გამოიძია და უკვე დოკუმენტურად დადო, რომ, მართლაც, სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე. ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის. ვერავინ ვერ დადგება კანონზე მაღლა. თუ გვინდა, რომ ვიყოთ, დემოკრატიული შემდგარი სახელმწიფო, მაშინ ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულზე, რაც მათ ჰქონდათ ჩადენილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურის განცხადებაში იყო ნახსენები 4 ნოემბრის თათბირი. ეს არის ის თემა, რომელიც პირველად მე გავაჟღერე და მოვითხოვე მაშინდელი პარლამენტისგან, შემდგარიყო საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილოის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.