ბოლნისის „სიონმა“ გულშემატკივრებს ახალწვეულები წარუდგინა
საფეხბურთო კლუბი „სიონი“ ეროვნული ლიგის ახალ სეზონს ახალი შემადგენლობით ხვდება.
თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, დღეს, „სიონის“ დირექტორმა ლევან სილაგაძემ და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ გულშემატკივრებს გუნდის ახალწვეულები და ახალი კაპიტანი, ვარლამ კილასონია წარუდგინეს.
ახალწვეულების წარდგენას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და გუნდის სპონსორის, კომპანია „არემჯის“ კორპორაციული დირექტორი კახაბერ მჭედლიშვილი ესწრებოდნენ.
დავით შერაზადიშვილმა და ბუბა გობეჯიშვილმა ახალ წვეულებს გუნდის მაისურები გადასცეს და „სიონს“ ეროვნულ ლიგაში წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისური კლუბი გასულ წელს ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ბოლნისის „სიონი“ ეროვნულ ლიგაში პირველ მატჩს 25 თებერვალს ბათუმში გამართავს. „სიონი“ ლიგის მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.
„ბოლნისის „სიონი“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. ჩვენი გუნდი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა, რაც თითოეულ ბოლნისელს უდავოდ გვეამაყება. დღეს „სიონის“ახალწვეულები და ახალი კაპიტანი გავიცანით. ჩვენს ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს მსურს, წარმატებები ვუსურვო. მჯერა, „სიონი“ ეროვნულ ლიგაში ღირსეულად იასპარეზებს და მის ერთგულ გულშემატკივარს კვლავაც გაახარებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.