„სააკაშვილის მიმართ ბრალის წარდგენა პუტინის ინტერესებში შედის“

სააკაშვილის მიმართ ბრალის წარდგენა შედის პუტინის ინტერესებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ნეგატიურად აისახება საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებზე.
„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ეს საკმაოდ ნაჩქარევი ბრალის წარდგენა დაემთხვა მის ბოლოდროინდელ წარმატებულ საქმიანობას უკრაინაში. იგი უკრაინაში აკეთებს მთავრობის გასაკეთებელ საქმეს, რადგან დღეს უკრაინაში საქართველოს მომავალიც წყდება. ფაქტია, რომ ეს ბრალის წარდგენა შედის არა საქართველოს და მისი ევროპული მომავლის, არამედ პუტინის ინტერესებში. მე ვფიქრობ, რომ ეს ნეგატიურად აისახება საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებზე. ყოველგვარი ოპტიმიზმი, რომელიც შემორჩენილი ჰქონდათ გადაწყვეტილების მიმღებთ დასავლეთში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ამ გადაწყვეტილებასთან ერთად დასრულდება“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები