არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი ბლოკავს პარტიის შიგნით განახლებას, ხელს უშლის ოპოზიციურ სპექტრს განვითარებაში
სააკაშვილი ბლოკავს პარტიის შიგნით განახლებას, ხელს უშლის ოპოზიციურ სპექტრს მთლიანად განვითარებაში. ამას ცდილობდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, მაგრამ ვერ მიაღწია, ეს გეგმა არის გაკოტრებული, ეს გეგმა ჩავარდა, – ამის შესახებ ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სხვა პატიმრების მსგავსად არის დაცული.
„მიხეილ სააკაშვილის უფლებები არის დაცული, ისევე როგორც ყველა სხვა პატიმრის, ისინი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. ამასთან, სააკაშვილმა
პატიმრობის პერიოდში 600-ზე მეტი ვიზიტორი მიიღო და როგორც პირადი, ისე სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის, ასე პენიტენციური ჯანდაცვის სექტორის ექიმების ათეულობით ვიზიტი და კონსულტაცია მიიღო, რაც პირდაპირ აჩვენებს, რომ მისი უფლებები, როგორც პატიმრის, არის დაცული, დანარჩენი არის მანიპულაცია და პოლიტიკური გეგმები, რაც პარტიის შიგნით უნდა გაარკვიონ”, – აცხადებს თალაკვაძე.
მან აღნიშნა, რომ სააკაშვილს პარტიის შიგნით ძალაუფლების შენარჩუნების მხრივ პრობლემები აქვს.
“მესმის, რომ მას აქვს პრობლემები ძალაუფლების შენარჩუნების მხრივ პარტიის შიგნით და ცდილობს ემოციური ნაბიჯებით თუ შიმშილობის გამოცხადებით პარტიის შიგნით ერთიანობა შეინარჩუნოს, თუმცა პროცესი, რასაც საზოგადოება აკვირდება, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, არის შეუქცევადი. დესტრუქციული, რადიკალური დღის წესრიგის პარტია, რომელიც არაერთხელ დამარცხდა არჩევნებში, სხვას არ უნდა ელოდოს. სააკაშვილი ბლოკავს პარტიის შიგნით განახლებას, ხელს უშლის ოპოზიციურ სპექტრს მთლიანად განვითარებაში. ამას ცდილობდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, მაგრამ ვერ მიაღწია, ეს გეგმა არის გაკოტრებული, ეს გეგმა ჩავარდა. ის ვერ შეცვლის საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგს ამ ნაბიჯებით, რომელსაც მიმართავს,“ – განაცხადა თალაკვაძემ.