სერგო რატიანი დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდება არ დადასტურდება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. რატიანმა „კვირასთან“ საუბრისას პროკურატურის განცხადებას ჭორაობა უწოდა. მისი თქმით, მთავრობას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება აკვიატებულ, მანიაკალურ სურვილად გადაექცა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი დარწუნებულია, რომ ექსპრეზიდენტისათვის წარდგენილი ბრალდება არ დადასტურდება.
„მე ვფიქრობ, რომ მთავრობა გადაიქცა აკვიატებულ მანიაკალურ სურვილად, რომ დააპატიმროს მიხეილ სააკაშვილი. პროკურატურის განცხადება შეგეძლოთ წაგეკითხათ „ასავალ-დასავალში“ იგივე სულისკვეთებით და ჭორაობით. ეს არის სრული ჭორაობა, სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებით. საქართველოს საზოგადოებამ დღეს კარგად იცის, რა ფასი აქვს საქართველოს პროკურატურის ბრალდებებს. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრ მაგალითი, როდესაც ბაჩო ახალაიას აქვს 9 ბრალდება წარდგენილი და არც ერთი მათაგანი არ დადასტურდა. ასევე სასაცილო ბრალდებები ჰქონდათ უგულავას დაკავების დროს. მთავრობას სურს, რომ პოლიტიკური პროცესები პროკურატურის დახმარებით მართონ. სხვა საფუძველი ამას არ აქვს. ის, რა მიმართულებითაც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი აქვს წაყენებული, ეს არის უბრალოდ აბსურდი. რა ბრალდების დადასტურებაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორი ბრალდებები აქვს პროკურატურას. მათაც კი არ სჯერათ ამ ბრალდებების. მათი მიზანი სხვადასხვა შემთხვევაში ბრალდების მეტნაკლებად ნორმალურად შედგენა კი არ არის, არამედ ბრალდება, რაც იქნება საფუძველი და საბაბი დაკავების“, – განაცხადა რატიანმა.