„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” გიორგი გიგინეიშვილი უხელმძღვანელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ახალი გენერალური დირექტორი, გიორგი გიგინეიშვილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებს წარუდგინა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გიორგი გიგინეიშვილს ენერგოგენერაციის ობიექტების ოპერირებისა და გადამცემი ქსელის მშენებლობლობის დიდი გამოცდილება აქვს. მას სხვადასხვა დროს ეკავა წამყვანი თანამდებობები მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიებში. რომეო მიქაუტაძემ ასევე კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, უჩა უჩანეიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია საქართველოში. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 550 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს, ხოლო გადამცემ ქსელს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მართავს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” პირველი სახელმწიფო საწარმოა, სადაც, კორპორაციული მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კორპორატიზაციის პროცესი დაიწყო.

რეფორმის მთავარი ამოცანაა ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა, რათა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-მ სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეძლოს ფინანსური რესურსის მოზიდვა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ საფინანსო ბაზრებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები