ლევან ბეჟაშვილი: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მიხეილ სააკაშვილის პროტესტის ამ უკიდურეს ფორმაზე ადეკვატური რეაქცია მოახდინოს
“ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დღემდე მიხეილ სააკაშვილი არ იქნა უზრუნველყოფილი სათანადო და ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის მიერ შიმშილობის დაწყებას, ბეჟაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, სააკაშვილის პროტესტის ამ უკიდურეს ფორმაზე ადეკვატური რეაქცია მოახდინოს.
„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დღემდე მიხეილ სააკაშვილი არ იქნა უზრუნველყოფილი სათანადო და ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, დღემდე არ არიან დაშვებული მასთან სამედიცინო კონსილიუმის წევრები და არ უზრუნველყოფენ ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, რაც ტექნიკურ უზრუნველყოფას, სამედიცინო კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს. მიხეილ სააკაშვილის ეს ნაბიჯი არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომ საზოგადოება გამოფხიზლდეს, ვინაიდან ასეთ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც, ხელისუფლების ასეთი უმოქმედობა იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო, ამიტომ საზოგადოებას სჭირდება გამოფხიზლება და შიმშილობის ეს აქტიც ამას ემსახურება. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმაზე მოახდინოს ადეკვატური რეაქცია და ღლიცინს მოეშვან, რადგან საქმე მართლაც სავალალოდ არის. დღეს გამოქვეყნდა ჰოლანდიელი ექიმის დასკვნა, რომელიც ასევე, მიუთითებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პარამეტრები ვერ გადაიტანს მეორე შიმშილობის აქტს, აქედან გამომდინარე ხელისუფლება ვალდებულია ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. იმავდროულად ოპოზიციონერ დეპუტატებს მივმართავ, ეს აქტი მათთვისაც უნდა იყოს იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ჰუმანიტარული მიზნით, სამედიცინო მომსახურების ადეკვატურად გაწევის მართლზომიერების მიზნით მაინც შევქმნათ კომისია, რომელიც დადებს ამ საკითხზე პირუთვნელ დასკვნას”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.