“არწახმაც დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება; ვულოცავთ დონბასის ხალხს” – მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი
მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
მისი თქმით, “თვითგამორკვევისა და საკუთარი სახელმწიფოს აშენების უფლება განუყოფელია ყველა ერისთვის და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია”.
როგორც არუთუნიანმა ხაზგასმით აღნიშნა, “დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა და მისი საერთაშორისო აღიარება იმპერატიული ხდება, განსაკუთრებით, ეგზისტენციალური საფრთხის ფონზე, რადგან ეს არის საკმაოდ გავლენიანი და ცივილიზებული საშუალება სისხლისღვრისა და ჰუმანიტარული კატასტროფის აღსაკვეთად”.
ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი ”ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა თავისი თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისთვის, მას არაერთხელ მოუწია რთული განსაცდელებისა და გენოციდური ქმედებების გავლა”.
“დარწმუნებულნი ვართ, რომ არწახის რესპუბლიკამ, რომელსაც აქვს აუცილებელი და უდავო ისტორიული, პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური საფუძვლები, დაიმსახურა თავისი სუვერენული სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარება. ვულოცავთ, დონბასის ხალხს ამ ისტორიულ მოვლენას. ვიმედოვნებთ, რომ გრძელვადიანი იქნება. ამ ოდესღაც აყვავებულ ქვეყანაში აღდგება მშვიდობა და სტაბილურობა“, – ნათქვამია განცხადებაში