პრემიერი: ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბრობდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის
ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
პრემიერის თქმით, აპრილში შეიკრიბნენ ბაკურიანში და დაგეგმეს რევოლუცია იმაზე დაყრდნობით, რომ ივნისში არ მიენიჭებოდა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.
„საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ოპოზიცია მუშაობს ევროპელებთან ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებაზე. მინდა, მოკლედ გავიხსენო ქრონოლოგიურად, რა იყო ოპოზიციის როლი და ევროკავშირი რას აკეთებდა 2022 წლიდან მოყოლებული. 2022 წელს დაიწყო აქტიურად ევროინტეგრაციის პროცესი, კანდიდატის სტატუსი და ა.შ. წარმოვიდგინოთ უბრალოდ სხვანაირი სცენარი – ჩვენ გადავწყვიტეთ 2022 წლის მარტის დასაწყისში კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანა, ჩაერთო მთელი სახელმწიფო სამსახური, უამრავი ადამიანი, დავწერეთ 5 000-გვერდიანი დოკუმენტი, გავაგზავნეთ ევროკავშირში და უკვე ვთქვით, რომ კომისიის შეფასებით, ჩვენ ვუსწრებდით სხვა პრეტენდენტ ქვეყნებს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ივნისში ევროკავშირმა მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ანუ მოიქცა სამართლიანად. NGO-ები გამოდიოდნენ და ჩვენ უნდა დავწეროთო, სრულ აბსურდს ამბობდნენ. რაც ყველა ქვეყანაში იწერებოდა ხელისუფლების მიერ, იმაზე NGO-ები გამოვიდნენ და ამაში ოპოზიცია უჭერდა მხარს, აცხადებდნენ, რომ NGO-ებს უნდა დაეწერათ განაცხადი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ასეთი აბსურდი იყო. ევროკავშირიდან დაფინანსებული NGO-ები, ანუ თავისი თავისთვის უნდა დაეწერათ განაცხადი. ევროკავშირის დაფინანსებულ NGO-ებს და ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციიდან დაფინანსებულ NGO-ებს თავისი თავისთვის უნდა დაეწერათ. ასეთ აბსურდში ვიყავით და ოპოზიცია მხარს უბამდა – კი NGO-ებმა უნდა დაწერონ ეს განაცხადიო. გავიტანეთ ეს ყველაფერი, დავწერეთ განაცხადი. წარმოიდგინეთ, რომ ევროკავშირმა ივნისში მოგვცა კანდიდატის სტატუსი, ხომ ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა პროცესები. ჩვენ გავაგრძელებდით ჩვენს სვლას, მერე იქნებოდა ეს პუნქტები. არ მოგვცეს, ამ პირობებში გაგვიზიარეს ეს პუნქტები, თავიდან იყო 12 პუნქტი, მერე იყო – 9. ოპოზიცია მანამდეც, მარტიდან ივნისამდე გამუდმებით აცხადებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. კონკრეტული NGO-შნიკი, ევროპიდან დაფინანსებული ისიც და სოროსის ფონდიდან დაფინანსებული, აცხადებდა, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. არავის არც კი გაუკრიტიკებია. ამბობდნენ, ჩვენი ოცნებაა კანდიდატის სტატუსიო და კაცი არ გააკრიტიკეს, რომელიც ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მინიჭებოდა საქართველოს. ეს რას ნიშნავს, რომ ყველა იზიარებდა ამას. ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. აპრილში შეიკრიბნენ ბაკურიანში და დაგეგმეს რევოლუცია იმაზე დაყრდნობით, რომ ივნისში არ მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წელიწად-ნახევარი რადიკალური ოპოზიცია ერთხმად ლაპარაკობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.
„მთელი როლი რადიკალური ოპოზიციის და NGO-ების, რის წინააღმდეგაც მივიღეთ შემდეგ რეალურად გამჭვირვალობის კანონი, მათი საბოტაჟის და უბედურების წინააღმდეგ, ყველა მათგანი მუშაობდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მოგვცეს 12 პუნქტი. კი ბატონო, ვთქვით, რომ ვასრულებთ 12 პუნქტს და არა მარტო ვთქვით, შევქმენით სამუშაო ჯგუფები პარლამენტში, კონკრეტულ ჯგუფს პირადად პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, შალვა პაპუაშვილი, გადანაწილებული იყო ეს ყველაფერი. გადაინაწილეს როლები რადიკალურ ოპოზიციაში, 2 თუ 3 პარტია შემოვიდა ჯგუფებში, 2-3 პარტია არ შემოვიდა, ვინც იყო პარლამენტში. 8 პარტიიდან ნახევარი შემოვიდა, ნახევარი – არა, ზუსტად არ მახსოვს. იქაც საბოტაჟი, წელიწად-ნახევარი რადიკალური ოპოზიცია ერთხმად ლაპარაკობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ეს ხდებოდა 2023 წლის დეკემბრამდე და რომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმის მერეც ამას ამბობდნენ. გახსოვთ მესიჯები, რომ ხალხს მიანიჭეს და ა.შ. ასეთ რამ არ ხდება, თუ ხელისუფლება განაცხადს არ აკეთებს, ვინ მოგანიჭებს კანდიდატის სტატუსს. შეიძლება მოსახლეობას ყაზახეთშიც უნდა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ხელისუფლება თუ არ წარადგენს, ხელისუფლებას ენიჭება კანდიდატის სტატუსი ნებისმიერ ქვეყანაში. რამხელა მანიპულაცია და სპეკულაცია იყო, აქედან ჩანს. წელიწად-ნახევარი რადიკალური ოპოზიცია, ყველა ეს პარტია მუშაობდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, დეკემბერში მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. დაიწყო ახალი ეტაპი, მოლაპარაკების გახსნის ეტაპი. ერთი წელიწადი მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ საქართველო არ იმსახურებდა მოლაპარაკებების გახსნას, მაშინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ყველა პარტია, ყველა აცხადებდა. ოცნება თუა შენი კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების გახსნა და ევროინტეგრაცია, როგორ შეიძლება, ამდენი ხანი, 3 წელი გამუდმებით საუბრობდე იმაზე, რომ არ უნდა მოგენიჭოს, არ უნდა მოგეცეს. ეს ხომ ფაქტებია. როგორ შეიძლება სამუშაო ჯგუფებს საბოტაჟს უცხადებდე. რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბრობდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა. ასე გავატარეთ 3 წელი. მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის.
წარმოიდგინეთ სხვა სცენარი, თეორიულად ისევ – მოგვანიჭეს ივნისში რაც გვეკუთვნოდა, კანდიდატის სტატუსი, ქართველ ხალხს რომ ეკუთვნოდა და ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს. გრძელდება ეს პუნქტები ხომ, ვმუშაობთ პუნქტებზე. ხომ აბსოლუტურად, კითხვის ნიშნის ქვეშ არავითარი ფორმით არ დადგებოდა ევროინტეგრაციის საკითხი და საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპული ბიუროკრატიის ურთიერთობის შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.