ლევან დავითაშვილი – „რიონის ხეობის მცველებთან” ყოველთვის მზად ვარ დიალოგისთვის, თუმცა, საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერ იქნება – საჭიროა სპეციალისტების მოსმენა და მათი ექსპერტული ცოდნის გათვალისწინება”

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მზად ღია დიალოგისთვის, რაც მათაც შეიძლება, დაადასტურონ. მე დღესაც მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისათვის. თუმცა, საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერასდროს ვერ იქნება. საჭიროა სპეციალისტების მოსმენა და მათი ექსპერტული ცოდნის გათვალისწინება,” – ასე გამოეხმაურა ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი საზოგადოებრივი ჯგუფის „რიონის ხეობის მცველების” განცხადებას სამთავრობო უწყებებთან „ღია დიალოგის” შესახებ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცეპრემიერმა აღნიშნა, ნამახვანი ჰესის საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისთვის, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მეშვეობით გახსნილია პლატფორმა და ამ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში ექსპერტებთან ერთად.

„ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება არის ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაცია ევროპაში, რომელსაც აქვს გამოცდილება, საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, აწარმოონ მედიაცია ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში. მათ ასევე აქვთ კომპეტენცია, პროცესში ჩართული ჰყოლოდათ ექსპერტები სხვადასხვა მიმართულებით – ამ შემთხვევაში, საუბარია გარემოს დაცვით მიმართულებაზე, გარემოზე ზემოქმედებაზე, ეკონომიკურ საკითხებზე და ა.შ,. ეს პლატფორმა ჩამოყალიბდა, მასში მონაწილეობენ მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, მთავრობის წარმომადგენლები როგორც გარემოს დაცვის, ისე ეკონომიკის კუთხით, მაგრამ ჩვენ „რიონის ხეობის მცველების” ბევრი აქტივობა და ენთუზიაზმი ვერ დავინახეთ”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პლატფორმა არსებობს და შესაძლებელია მისი გამოყენება, მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა პირისპირ შეხვედრისა და გულწრფელი, ღია საუბრისთვის.

„თუმცა, თუ გვაინტერესებს პასუხები კონკრეტულ კითხვებზე, მაგალითად, უსაფრთხოების საკითხებზე, გარემოზე ზემოქმედებაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ტარიფებზე, ეკონომიკაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ა.შ. უპრიანია, დავსხდეთ კონკრეტულ, სწორ ფორმატში, სადაც ექსპერტები მონაწილეობენ და ასევე ის ადამიანები, რომელთაც ხელეწიფებათ მედიაცია და ნეიტრალური როლის შესრულება” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა, დასმული კითხვის საპასუხოდ, ასევე კომენტარი გააკეთა კომპანია „ენკასთან” დაკავშირებით. მისი თქმით, პროცესი საკმაოდ რთულია – კომპანიას თავისი პრეტენზიები გააჩნია, რადგან შეფერხდნენ მუშა პროცესში.

„მათ აქვთ გარკვეული წინადადებები, თუმცა, შესაძლოა, ჩვენ რაღაცებს ვითვალისწინებდეთ და რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ, ამიტომ ეს იქნება სამართლებრივი პროცესი და ბუნებრივია, ვიდრე არ მოხდება სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ამაზე მეტ ინფორმაცია ვერ მივაწვდით ვერავის. ჩართული გვყავს საექსპერტო და იურიდიული კომპანიები, მათ შორის, სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები, არსებობს ასევე სასამართლო პროცესები, ამიტომ, უმჯობესია დაველოდოთ სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებაც ადეკვატური და სრული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას და განსაკუთრებით, დაინტერესებულ პირებს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები