სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი: ყველაზე მთავარია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს კმაყოფილი სოციალური პროგრამებით
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა.
დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ირგვლივ ისაუბრა.
ასევე, მერმა კონკრეტული დავალებები გასცა პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი პირების დასაქმებას.
,,მუნიციპალიტეტის მასშტაბით იწყება მოსახლეობის საერთო კრებები სოფლის მხარდაჭერის პროგრამებთან დაკავშირებით, სადაც მოსახლეობა თავად გადაწყვეტს თუ რა უნდა გაკეთდეს თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულში. ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამა. დღევანდელ თათბირზე ორივე პროგრამის ირგვლივ ვისაუბრეთ. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ – ს ფარგლებში , სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩის ინტენსიური რეაბილიტაცია.
ყველაზე მთავარია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს კმაყოფილი სოციალური პროგრამებით და შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებით”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესი 2022 წლის 16 მარტამდე უნდა დასრულდეს.
პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა, მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს ეფუძნება.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულის 50 სოფელში ჩატარდება.