“ახლა მივხდი რას ეძახის “ნაციონალური მოძრაობა” უნარიან ხელისუფლებას“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ბრალის წარდგენის ფაქტს ეხმაურება. ვოლსკი მიიჩნევს, რომ გამოძიებას აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებები რომ არ ჰქონოდა, ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალს არ წარუდგენდა.
“ახლა მივხდი რას ეძახის “ნაციონალური მოძრაობა” უნარიან ხელისუფლებას. ისინი უნარიანად ისეთ ხელისუფლებას თვლიან, რომელსაც შეუძლია წაართვას, სახელმწიფო ქონებით ივაჭროს, დაჩაგროს, გამოიყენოს ჯარი და პოლიცია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს საქმე არ იქნებოდა გამოტანილი, რომ არა საკმაო მტკიცებულებები, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისათვის, რომელიც მთავარი შემფასებელია, არამედ საყურადღებო იქნება საერთაშორისო პარტნიორებისთვის”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გია ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.
უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილოის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები