ზელენსკი: ჩვენ გვჭირდება დახმარება ქვეყნის ტრანსფორმაციაში, რათა მივაღწიოთ სტაბილურობას

“მე მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით, არიან ქვეყნები, რომლებიც დგანან უკრაინის გვერდით, დგანან სიმართლისა და საერთაშორისო სამართლის გვერდით”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

“არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს. მაგრამ ეს მათი საქმეა, ეს ამ ქვეყნების კარმაა და ის შეგნებაა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორონ. თუმცა, არ ვიცი, როგორ აუხსნიან ამ ქმედებას დღეს უკრაინაში ორ მოკლულსა და სამ დაჭრილ ჯარისკაცს და, რაც მთავარია, როგორ აუხსნიან სამ გოგოს კიევიდან, ერთი 10-საა, მეორე 6-ის და მესამე სულ რაღაც ერთი წლის, დღეს ისინი დილის 6 საათზე მამის გარეშე დარჩნენ, როდესაც უკრაინელი ოფიცერი დაიღუპა, ჭურვის შედეგად, რომელიც აკრძალულია მინსკის შეთანხმებით. არ ვიცი რაზე ფიქრობდა ის თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წამებში, ის, ალბათ, არ ფიქრობდა იმაზე, რა სახის დღის წესრიგი გვჭირდება ჩვენ აღმოსავლეთში ომის შესაჩერებლად, მაგრამ მან იცოდა კითხვაზე პასუხი, რომელიც მე დავსვი დასაწყისში, მან კარგად იცის ვინ იტყუება. განისვენოს მშვიდობით მან და ყველამ, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში დაიღუპა.

რა შეიძლება, ჩვენ გავაკეთოთ ახლა?! ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ უკრაინის და მისი თავდაცვითი საშუალებების ეფექტური მხარდაჭერა, შეგვიძლია – უზრუნველვყოთ ის ევროპული პერსპექტივით, უზრუნველვყოთ დახმარებითა და წარმოვადგინოთ კონკრეტული დრო უკრაინის ალიანსის წევრობისთვის. ჩვენ გვჭირდება დახმარება ქვეყნის ტრანსფორმაციაში, რათა მივაღწიოთ სტაბილურობას. ასევე, გვჭირდება ახალი შეიარაღებით უზრუნველყოფა ჯარისთვის, რომელიც იცავს მთელ ევროპას და გვჭირდება ეფექტური სანქციების პაკეტი რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. ასევე გვჭირდება უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირში, მაშინ, როდესაც ჩრდილოეთის ნაკადი ორი გამოიყენება როგორც იარაღი. ყველა ეს კითხვა საჭიროებს პასუხს, მაგრამ სანაცვლოდ არის სიჩუმე და სანამ სიჩუმე შენარჩუნებულია, სიჩუმე არ იქნება უკრაინის აღმოსავლეთში, არ იქნება ევროპის აღმოსავლეთსა და მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ევროპა და მსოფლიო ამას მიხვდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები