პარლამენტის თავმჯდომარე შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სენატორ ფილიპო ლომბარდის შეხვდა- ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და შვეიცარია -საქრთველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, სენატორ ფილიპო ლომბარდის შეხვედრა თბილისის ისუტიციის სახლში გაიმართა. დავით უსუფაშვილმა დიდი კმაყოფილება გამოთქვა, რომ შვეიცარიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის მეგობრობა იზრდება და აქტიურდება.
მისი განცხადებით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მეგობრობის ჯგუფს ასეთი გამორჩეული პოლიტიკოსი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ სწორედ ამ ვიზიტის დროს უფრო უკეთ გამოიკვეთება თუ რომელ სფეროებში გვჭირდება თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. მან მადლობა გადაუხადა ზოგადად შვეიცარიას, რომ ის არის მნიშვნელოვანი ხმა იმ საკითხების მოგვარებაში, რაც დღეს საქართველოს აწუხებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს განვლილ სასესიო პერიოდში გაწეული საქმიანობა გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი წელი აქვს. ახლახან მოხდა ევროკავშირთან ასოცირების ხელეკრულების რატიფიცირება და დამტკიცდა ქვეყნის მთავრობის განახლებული შემადგენლობა. საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდგომ ეტაპებს, რომლებიც საკმაოდ დატვირთული იქნება. ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციისა და ნატოსთან ურთიერთობების თაობაზე. განიხილეს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციაც. სტუმარი, ასევე, დაინტერესდა საქართველოს ისტორიით. დავით უსუფაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე განვლილ გზაზე და კონტექსტიდან გამომდინარე საქართველოს ისტორიის უფრო შორეულ წარსულსაც შეეხო.
შვეიცარია – საქრთველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფილიპო ლომბარდიმ დავით უსუფაშვილს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. სტუმრის განცხადებით ის მოხარულია, რომ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა და საქართველოში ჩამოსვლის საშუალება მიეცა, რათა უფრო ახლოს გაეცნოს ჩვენს ქვეყანას.