მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას შეხვდა
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რისი ნათელი გამოხატულებაც იყო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ისტორიული ვიზიტი საქართველოში.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ინდოეთს წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გადმოცემისთვის. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს და ამ მხრივ არსებული პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების მიმართულებით აქტიური მუშაობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრაზე საუბარი ასევე დაეთმო რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებს და საქართველოში ამ მხრივ არსებულ ვითარებას.