კობახიძე – სააკაშვილის ღია წერილზე: არ წამიკითხავს, მგონი, არც არის საინტერესო
მიხეილ სააკაშვილის საქმეა, წერილს ვის გაუგზავნის, როგორ გაუგზავნის. არ წამიკითხავს, მგონი, არც არის საინტერესო, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ღია წერილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.
„არ წამიკითხავს წერილი, მგონი, არც არის საინტერესო, მაგრამ არ ვიცი, მისი საქმეა, წერილს ვის გაუგზავნის, როგორ გაუგზავნის. რაც შეეხება მის თეორიულ შეწყალებას, პრეზიდენტს ამასთან დაკავშირებით არაერთგზის აქვს პოზიცია დაფიქსირებული და ეს არის საზოგადოებისთვის ცნობილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ითხოვს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში გაწეულ ხარჯებს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას.