მიხეილ სარჯველაძე: ცესკო არის დაწესებულება, რომლის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ხანმოკლე პერიოდებით ხელმძღვანელების დანიშვნა რისკის შემცველია
ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამდებობის პირების ხანმოკლე პერიოდებით დანიშვნა მიუკერძოებლობის რისკის შემქმნელი შეიძლება, იყოს.
მისი თქმით, თანამდებობის პირის ხანგრძლივი ვადით დანიშვნა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით უკეთეს პერსპექტივას წარმოადგენს.
„როდესაც ცესკო-ზე გვაქვს საუბარი, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის დაწესებულება, რომლის მიუკერძოებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არის ყოველთვის მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ხანმოკლე პერიოდებით დანიშვნა ერთგვარად რისკის შემცველია. უფრო ხანგრძლივი ვადით თანამდებობაზე განწესება, რასაკვირველია, ნიშნავს იმას, რომ უკეთესი პერსპექტივები შეიძლება, გაუჩნდეს, მათ შორის, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ორი წევრი აირჩია. ცესკო-ს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი დაინიშნა, ხოლო კომისიის წევრებად მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი აირჩიეს. მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადად 6 თვე განისაზღვრა, ვინაიდან პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა და განმეორებითი კენჭისყრა გახდა საჭირო.