თამთა თოდაძე – ჯიშკარიანზე: სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის

სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს, – ამის შესახებ საკრებულოს ყოფილმა თანამშრომელმა, თამთა თოდაძემ, რომელიც ყოფილ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში დევს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ჯიშკარიანის ბრალეულობას ადასტურებს, მათ შორის, მის კაბაზე არსებული ბიოლოგიური მასალები და სამხარაულის ექსპერტიზა ფიზიკურ ძალადობაზე.

,,დღეს მოვისმინე ილია ჯიშკარიანის მიერ შეთხზული, სრულიად აბსურდული რეალობა. მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება განსხვავდება სასამართლოში მიცემული ჩვენებისაგან, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. რაც შეეხება ჩემი დაკითხვის პროცესის დახურვას, ჩემი დაკითხვა დავხურე არსებული ემოციური ფონის გამო, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ გადავიტანე იმ პერიოდში, ყველაფრის ხელახლა გახსენება და ის ფაქტი, რომ ჯიშკარიანი იქნებოდა დარბაზში, ჩემთვის არ იყო მარტივი. თუმცა, ამ პროცესის აუდიომასალა არსებობს, მოსამართლე იქ იყო და ისმენდა ყველაფერს. მარიამ კუბლაშვილისაგან მოვისმინე განცხადება, თითქოს, ავიხლართე რაღაცებში და პროცესი იმიტომ დავხურე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მზად ვარ, ჩემი დაკითხვის აუდიომასალა გასაჯაროვდეს, მე არაფერი არ მაქვს დასამალი, ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა ჩემზე იძალადა, მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა ცალკე სიმართლეა, რომელსაც აუცილებლად დავამტკიცებ.

საქმეში დევს უამრავი მტკიცებულება, მათ შორის, ჩემს კაბაზე არსებული მისი ბიოლოგიური მასალები, სამხარაულის ექსპერტიზა ფიზიკურ ძალადობაზე. ის ფაქტი, რომ მე მას ვურტყამდი, სრული აბსურდია, ადამიანი მაბრალებს, რომ ალკოჰოლიზმის სინდრომი მქონდა, აქეთ დავესხი თავს და ვიძალადე მასზე. თუ ილია ჯიშკარიანი არ იქნებოდა, აუცილებლად ვნახავდი მის გარეშეც სამსახურს.

გავდიოდი ფსიქოლოგთან რეაბილიტაციას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა. ძალიან დიდი ტრავმა მომაყენა ამ ადამიანმა. მას სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი ვერ წამიშლის, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს. ჩემი მოლოდინია, რომ დადგება სამართლიანი განაჩენი და რასაც ეს მუხლი ითვალისწინებს, გათვალისწინებული იქნება ამ ადამიანის მიმართ“, – განაცხადა თამთა თოდაძემ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის რაიონის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანი გამოკითხეს, რომელმაც დეტალურად გაიხსენა შემთხვევის დღე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები