ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართება. პროცესზე დღეს ადვოკატები ბრალდებულებს დაკითხავენ.
მოკლულის ოჯახი და მისი დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ გაიზარდოს შესაძლო დამნაშავეთა წრე. ისინი კვლავ შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შემსრულებლების უკან სხვა პირები დგანან და ამის დადგენას გამოძიებისგან ითხოვენ.
ამასთან, ნიკო კვარაცხელიას დედის ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს აღიარებული აქვს ბრალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთებიც. მისივე თქმით, ოჯახს აქვს ინფორმაცია, რომ დანაშაული ჩადენილია დიდი ჯგუფის მიერ, რომელიც კავილაძის აღიარებითი ჩვენებიდან იციან.
“დასტურდება ამ ორი პირის მიერ, ჭელიძისა და კავილაძის მიერ ჯგუფურად, თანაამსრულებლობით ჩადენილი განზრახ მკვლელობა. შესაბამისად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს სასამართლოსგან, რომ მათ მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაული დადასტურდება სრულად. მოლოდინი გვაქვს ასევე იმისა, რომ ბრალდებულები დაიკითხებიან და ისინი გააჟღერებენ გარკვეულ ინფორმაციას და რაც ყველაზე მთავარია, ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ დგას ამ ბრალდებულების უკან, ვინ დაუკვეთა ეს უმძიმესი დანაშაული, ვინ დაეხმარათ”, – თქვა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა.
ცნობისთვის, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, გასული წლის 15 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შსს-მ 7 ოქტომბერს დააკავა.