საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. შეხვედრაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავდაცვის მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მიესალმა ნატო-ს მტკიცე პოზიციას ალიანსის ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მხარეებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს.

მინისტრმა, მზარდი გამოწვევების ფონზე, რეგიონში ნატო-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე, რომელიც გაზაფხულზე საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ძალების თავსებადობის დონე და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი. – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები