აშშ-ში ორი წლის წინ დაკარგული 4 წლის ბავშვი იპოვეს
ნიუ-იორკში ორი წლის წინ დაკარგული 4 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს.
ამის შესახებ globalnews-ი ინტყობინება.
აღინიშნება, რომ გოგონა მისმა ბიოლოგიურმა მშობლებმა გაიტაცეს.
პეისლი შულტიცი მეურვეების სახლიდან 2019 წლის 13 ივლისს გაუჩინარდა და ამ ხნის მერე მას ძალოვანები ეძებდნენ.
როგორც მედია წერს, პოლიციისთვის ცნობილი იყო, რომ ის ბიოლოგიურმა მშობლებმა – კიმბერლი კუპერმა და კირკ შულტისმა-უმცროსმა გაიტაცეს, თუმცა, ჩხრეკისას ბავშვს ვერ პოულობდნენ.
გამოძიება ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა.
14 თებერვალს კი პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ გოგონა კუპერისა და შულტისის სახლშია.
სამართალდამცავები ადგილზე ჩხრეკის ორდერით გამოცხადდნენ.
ერთ-ერთმა ოფიცერმა სარდაფისკენ მიმავალ კიბეებს შორის არსებული გასასვლელი შენიშნა. კიბეების ქვეშ იმპროვიზირებული ოთახი იპოვეს, სადაც პეისლი ბიოლოგიურ დედასთან ერთად იმყოფებოდა.
globalnews აღნიშნავს, რომ ოთახი იყო “პატარა, ცივი და ნესტიანი”.
მეურვეებისთვის ბავშვის გადაცემამდე, პეისლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ის თავს კარგად გრძნობს.
პოლიციამ ბიოლოგიური მშობლები და ბაბუა დააკავა. მათ ბრალად ედებათ მეურვეობაში ხელის შეშლა და ბავშვის კეთილდღეობაზე საფრთხის შემცველი სიტუაციის შექმნა.