საკონსტიტუციო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს ახლიდან განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა ხელახლა იწყება.
მამალაძის ადვოკატები ითხოვენ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს ის ნორმები, რომლითაც ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზს უკანონოდ შეეზღუდა დაცვის ეფექტურად განხორციელების უფლება.
საუბარია ადვოკატებისთვის დაკისრებულ გაუთქმელობის ვალდებულებაზე.
ნორმების გაუქმების შემთხვევაში, მამალაძეს საქმის გადასინჯვა გახდება შესაძლებელი.
“იმედს ვიტოვებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ღირსეულად, დამოუკიდებლად და ობიექტურად. ეს იქნება ის, რომ ნორმები, რომლებიც ცალსახად არაკონსტიტუციურია და ზღუდავს დაცვის ეფექტურად განხორციელების უფლებას, იქნება დაკმაყოფილებული და გაზიარებული, რაც მოგვცემს საბოლოოდ იმის საფუძველს და საშუალებას, რომ ციანიდის საქმეზეც მოხდეს ამ საქმის ეფექტური გადასინჯვა”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდებით, აღნიშნული ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა.
ამასთან, 16 ივნისს სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო.