ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ უნდა გაიხსენოს – ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ახორციელებდა საბოტაჟს, მათ თავად შექმნეს მანდატების შეწყვეტის საფუძველი

“ადრე ვეხვეწებოდით მათ, ასე ვთქვათ, პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტაზე კომენტირებისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, პარლამენტის მხრიდან მანდატის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას კონკრეტული საფუძველი აქვს, რაც თავად ოპოზიციამ შექმნა.

„ის ყველაფერი, რაც გვესმის ოპოზიციის მხრიდან, ადასტურებს იმას, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია ჩავარდნილი. ნახევარ წელიწადზე მეტი მათ გაატარებინეს არა მარტო უმრავლესობას, არამედ – ქართულ საზოგადოებას იმაზე საუბარში, თუ რატომ არ უნდა შემოსულიყო ოპოზიცია პარლამენტში. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იყო მთელი დისკუსია ამასთან დაკავშირებით. ახლა შემოტრიალებულია ეს ყველაფერი და უკვე საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეუწყდეთ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. ანუ, ადრე ვეხვეწებოდით მათ ასე ვთქვათ პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან. სინამდვილეში ხდება ის, რომ პარლამენტის მხრიდან მანდატის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული საფუძვლით. როდესაც ისინი აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას, უნდა გაიხსენონ, თუ ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ვინ ახორციელებდა საბოტაჟს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის თავად ოპოზიცია, მათ თავად შექმნეს საფუძველი იმისთვის, რომ შეწყვეტოდათ მანდატები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს. უფლებამოსილება შეუწყდა კახა კუჭავასაც, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეობა და მანდატი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები