“ლელო” და “ლეიბორისტული პარტია” საბიუჯეტო დაფინანსებას დაკარგავენ
ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტით, პარტია “ლელო- საქართველოსთვის“ საბიუჯეტო დაფინანსებას კარგავს.
დაშლის წინაშეა საპარლამენტო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვისაც“. ფრაქცია მინიმალური რაოდენობით არის პარლამენტში წარმოდგენილი და თუ ჯაფარიძის ადგილს რომელიმე დეპუტატი არ დაიკავებს, ფრაქცია გაუქმებულად გამოცხადდება.
საბიუჯეტო დაფინანსებას კარგავს “ლეიბორისტული პარტიაც“, რომლის ლიდერ შალვა ნათელაშვილს პარლამენტის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუწყდა.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2021 წლის 5 აგვისტოს განკარგულების გათვალისწინებით, “ლელოს“ წლიური დაფინანსება – 803 560 ლარს, ხოლო “ლეიბორისტული პარტიის” დაფინანსება 289 710 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ პირველ თებერვალს ძალაში პარლამენტის მიერ გასული წლის 22 ივნისს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, ხოლო მათ ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელია. აღნიშნული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან უნდა შეუწყდეს.