ბადრი ჯაფარიძე: ჭაობში დარჩენა ნიშნავს ჭაობში ჩაძირვას და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ

“ჩვენ ვერ გაგვტეხავს ვერანაირი გადაწყვეტილება, პირიქით, ეს გააძლიერებს მოტივაციას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა”, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილება.

მისივე თქმით, ქვეყნის ჭაობში ჩაძირვა დაუშვებელია.

“ჩემი ქვეყანა და ჩემი თანამოქალაქეები არის ჩემი მთავარი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, მანდატის გარეშეც მე გავაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ცვლილებები, რომლებიც სჭირდება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, იმიტომ, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს, ეს მდგომარეობა, საბოლოო ჯამში, იწვევს სრულ ნიჰილიზმს ჩვენს თანამოქალაქეებში. ჭაობში დარჩენა ნიშნავს ჭაობში ჩაძირვას და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხს ვერანაირი გადაწყვეტილება, მათ შორის, ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. პირიქით, ეს გააძლიერებს მოტივაციას იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ბრძოლა ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის და ამ ქვეყნის დასაახლოებლად ევროპულ ოჯახში, სადაც არის ჩვენი კუთვნილი ადგილი, ოღონდ ამისთვის უნდა ვიშრომოთ და დიდი ღვაწლი გავწიოთ. მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“, არ შევწყვეტთ ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რეფორმები განხორციელდეს, პარლამენტის შიგნით, პარლამენტს გარეთ. კიდევ ერთხელ მინდა ყველა ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადო კეთილი სიტყვებისთვის და აღგითქვათ, რომ პარლამენტის გარეთ დავრჩები იმ იდეალების ერთგული, რომლის ერთგული ვარ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში მთელი ეს წლებია”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები