დავით სონღულაშვილი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანაში არსებული ყველა რესურსის გამოყენება და ენერგეტიკის წარმოების გაზრდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ პარლამენტის წარმომადგენლებისთვის ცოდნის გაზიარების მიზნით, ონლაინ სესია გაიმართა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის” პრეზენტაცია მოეწყო.

პარლამენტის ინფორმაციით,  სესიაზე დარგის სპეციალისტებმა, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ სამოქმედო გეგმასა და ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებაზე.

ასევე, აღნიშნული გეგმის პოლიტიკურ და სამართლებრივ კონტექსტზე საქართველოში; შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიზნებზე, ამოცანებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე. ენერგეტიკისა და კლიმატის მიმართულებასთან დაკავშირებულ კვლევებსა და ინოვაციებზე; ენერგეტიკასთან და სათბური აირების დეკარბონიზაციის მიზნით დასახულ მიზნებსა და ამოცანებსა და სხვა საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე.

სესიის დასრულების შემდეგ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანაში არსებული ყველა რესურსის გამოყენება და ენერგეტიკის წარმოების გაზრდა.

„ენერგეტიკის გაზრდა საქართველოში და იმ მწვანე რესურსის გამოყენება, რომელიც ქვეყანას აქვს, აუცილებელია. ეს არის ერთადერთი გამოსავალი თუ როგორ შეიძლება ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხთან.

ჩვენ ვხედავთ, რომ ცალსახად საჭიროა გენერაციის გაზარდა. ასევე, ერთმნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს კერძო სექტორს იმაში, რომ აუცილებელია ერთიანი სისტემა შემუშავდეს, რომელიც იქნება წამახალისებელი მექანიზმი რათა დაჩქარდეს სხვადასხვა გენერაციის ობიექტების, განსაკუთრებით ჰიდრო, ქარის, მზის ობიექტების შექმნა”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა. შეხვედრა გაიმართა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები