ნინო წილოსანი: „ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის მიზანია, უზრუნველვყოთ ქალების ღირებული მონაწილეობა

„მაშინ, როდესაც ჩვენი ქმედებებით ვზრდით პოლიტიკურ კულტურას და ვცდილობთ დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას, მათ შორის, მთლიანი დატვირთვის პარტიულ მუშაობაზე და საპარლამენტო საქმიანობაზე გადატანით, ჩვენი ოპონენტები ამ დროს პარლამენტის შტურმით აღებით, დესტრუქციული ქმედებებით და დემოკრატიის ბოიკოტირებით არიან დაკავებულები”, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების” მიერ ქალთა ორგანიზაციის დაარსებისა და ორგანიზაციის მიზნების შესახებ ისაუბრა. „პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, 2012 წლიდან ქალების გაძლიერების და მხარდაჭერის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, იყო კვოტირების სისტემა, რომელმაც რეალური შედეგი მოგვიტანა და ახლა, ამ ორგანიზაციის დაფუძნება თანმიმდევრული მოქმედების ნაწილია. ამ ორგანიზაციის დაფუძნებით, ჩვენ ერთის მხრივ, ვაძლიერებთ შიდა პარტიულ სტრუქტურას, ხოლო, მეორეს მხრივ, პარტიის შიგნით ქალების უფრო შინაარსობრივ, ღირებულ მონაწილეობას უზრუნველვყოფთ.

პოლიტიკური პროცესები და განსაკუთრებით, არჩევნები, დიდწილად, ქალების მუშაობასა და მათ აქტიურობაზე დგას. ეს უნდა გადაითარგმნოს შემდგომში მათ ჩართულობაში. სწორედ ჩვენი პარტიის ერთგული ქალი წევრების მოტივაციის და მათი შიდა პარტიული ზრდის მიზნით უნდა იყოს ეს ორგანიზაცია შექმნილი, აქტიური და საკმაოდ ეფექტური. კვოტირების სისტემამ მოგვიტანა ის, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ქალების მონაწილეობა არის გაზრდილი და უფრო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საკრებულოებში ქალების ჩართულობა. მაშინ, როდესაც წინა მოწვევის საკრებულოებში პროპორციული სიით 190-მდე ქალი იყო შესული, ახლა უკვე 440-ზე მეტია. ჩვენ არ ვუყურებთ მხოლოდ რაოდენობებს, ჩვენ გვინდა, ქალების ღირებული მონაწილეობა უზრუნველვყოთ. ეს არის სწორედ ამ ორგანიზაციის მიზანი. ქალების გაძლიერება და პოლიტიკაში მათი მონაწილეობა არ არის აბსტრაქტული შინაარსის მატარებელი. ამას აქვს სამართლიანობის და რაციონალურობის დატვირთვა. მაშინ, როდესაც მოსახლეობის 50%-მდე ქალია, ობიექტურად და ლეგიტიმურად, იმსახურებენ, რომ მათ ჰყავდეთ სათანადო წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოებში.

ამავდროულად, მსოფლიოში, სადაც ადამიანური რესურსი ყველაზე ფასეულია, თითოეული ქალის შესაძლებლობების და უნარების სათანადოდ გამოყენება და მათი აქტიურ ცხოვრებაში ჩართულობა საკვანძოდ მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

დეპუტატმა პროცესი პოლიტიკურ ჭრილშიც შეაფასა. „მაშინ, როდესაც ჩვენი ქმედებებით ვზრდით პოლიტიკურ კულტურას და ვცდილობთ დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას, მათ შორის, მთლიანი დატვირთვის პარტიულ მუშაობაზე და საპარლამენტო საქმიანობაზე გადატანით, ჩვენი ოპონენტები ამ დროს პარლამენტის შტურმით აღებით, დესტრუქციული ქმედებებით, დემოკრატიის ბოიკოტირებით, ქუჩაში დგომით არიან დაკავებულები. მაგრამ, ისევე როგორც დღეს, ასევე, ყოველ ჯერზე მოგიწევთ აღიაროთ, რომ ხართ რადიკალური ოპოზიცია, რომ გაქვთ უგუნური პოლიტიკური ნაბიჯები, როგორც დღეს უკვე იწვნიეთ სიების ჩახსნის შედეგად ეს და თქვენმა ამომრჩეველმაც ძალიან კარგად დაინახა, რამდენად გაუაზრებელი და უგუნური იყო, თუმცა, ამ ყველაფრის მთავარი შინაარსი და დატვირთვა ის არის, რომ თითოეულ თქვენს უგუნურ პოლიტიკურ ნაბიჯს კარგად აფასებს და ხედავს ჩვენი საზოგადოება”,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები