დიმიტრი ხუნდაძე: ვიმუშაოთ და ვისაუბროთ საგნობრივად, ჩვენი პოლიტიკა გათვლილი იყოს ქვეყნის და არა – საკუთარი პარტიის მომავალზე

„მესმის, პარლამენტი პოლიტიკური ტრიბუნაა და აქ პოლიტიკური განცხადებები კეთდება, მაგრამ აქ ხომ სახელმწიფოს დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებაც ხდება, ყოველ შემთხვევაში – უნდა ხდებოდეს. მოქალაქეებს რომ ჰკითხოთ, მათი უდიდესი ნაწილი გაიხსენებს ამ დარბაზში მხოლოდ სკანდალურ განცხადებებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში თუ რეგიონში მიმდინარე ცხელი პოლიტიკური პროცესები ხშირად მოითხოვს პოლიტიკურ შეფასებებს. ვფიქრობ, მაინც ჩვენ უნდა შევძლოთ, საუბრები უფრო მეტად თემატური, დარგობრივი გავხადოთ და პოლიტიკის რეჟიმში გადავიყვანოთ. მით უმეტეს, მაშინ, როცა ყველა მიმართულებით ბევრი რამ კეთდება, თუმცა, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა ჯერ კიდევ ქვეყანაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მან იმ კარგ მაგალითზე ისაუბრა, როცა პოზიცია და ოპოზიცია კონკრეტულ საქმეზე გაერთიანდა და პოზიტიურ შედეგზე გავიდა. ეს ეხება საპენსიო საბანკო სესხებს რომლის შედეგიც უკვე მიღწეულია.

„ამ შემთხვევაში, ქართული მედიაც გადაეწყობა და არ იქნება მხოლოდ სკანდალებზე რაც სკანდალურ ტოქსინად იქცა საზოგადოებისათვის, რასაც სასურველი პერსპექტივა ვერ ექნება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მან თავის გამოსვლაში იმ კონკრეტულ საკითხებზეც ისაუბრა, რომლებზეც კომიტეტი მუშაობს.

„ჯანდაცვის კომიტეტმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რაც ძირითადად იმ აქტიურ საკითხებზე გეგმავს მუშაობას რაც უშუალოდ ეხება საზოგადოებას, მის ჯანმრთელობას და სოციალურ მდგომარეობას. ასევე ვგეგმავთ, რომ დემოგრაფიული პოლიტიკის კუთხით გავააქტიუროთ მუშაობა. გააქტიურებას ვამბობ იმიტომ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ასეთი პრაქტიკა იყო, შევიმუშავეთ სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტი და ვფიქრობ ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება მას შემდეგ რაც ქვეყანა უახლოეს დემოგრაფიული წარსულის გამო გავიდა გარდაუვალი დაბალი შობადობის რეჟიმში და ამას დაემთხვა პანდემიის ფონზე ჭარბი სიკვდილიანობა.

ჯანდაცვის კომიტეტი აქტიურად მუშაობს იმ პრობლემურ საკითხზე, რაც ეხება მედიკამენტებს, მის არაადეკვატურ ფასს და ხარისხს”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და კოლეგებს შეახსენა, რომ დღეს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ეხება მედიკამენტების კარგი წარმოების პრაქტიკისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის შემოღებას და იმპორტიორების ვალდებულებას, რათა საქართველოში შემოვიდეს მაღალი ხარისხის და ეფექტური მედიკამენტები. თავისი გამოსვლის ბოლოს დიმიტრი ხუნდაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კონსტრუქციულობისკენ – „ერთმანეთს ძალას ნუ ვართმევთ და ნუ ვაკარგვინებთ დროს, ვიმუშაოთ და ვისაუბროთ საგნობრივად. ჩვენი პოლიტიკა გათვლილი იყოს ქვეყნის და არა – საკუთარი პარტიის მომავალზე”, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები