ოთარ შამუგია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებში რამდენიმე ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანის დასაქმებას შევძლებთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მინისტრის რანგში, სამინისტროს დეპარტამენტების და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა უახლოეს სამუშაო გეგმებზე ისაუბრა. ოთარ შამუგიამ ყურადღება სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების პროგრამაზე გაამახვილა.
„პრემიერმინისტრის დავალების შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხებზე. პროგრამის ფარგლებში, რომელიც 1-ელი მარტიდან ამოქმედდება, ჩვენი უწყება მზად არის, რამდენიმე ათასი ადამიანი ჩართოს საზოგადოებრივ საქმიანობაში, შესთავაზოს მათ კონკრეტული სამუშაო ადგილები, რაც მათ საშუალებას მისცემს, აქტიურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და აგრარული მიმართულებით საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს.
„ჩვენთვის პრიორიტეტია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ მიმართულებით ძალიან მალე გვექნება მასშტაბური სამუშაოების წარმოების კონკრეტული გეგმა, რასაც წარვუდგენთ სამუშაო ჯგუფს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა მზად არის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებისთვის. ჩვენ კოორდინაციაში ვართ ფერმერებთან და მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს შესაბამისი საგაზაფხულო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებაში“, – აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის დავალებით, სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები უახლოეს ხანში წარმოადგენენ ინიციატივებს და ხედვებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ეფექტიან მუშაობას და მიზნობრივი სეგმენტის საჭიროებების დაკმაყოფილებას.