“ეს პირდაპირ მიუთითებს გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინაციაზე” – არჩილ თალაკვაძე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გიგა ფარულავას არჩევაზე

ეს პირდაპირ მიუთითებს გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინაციაზე, მათ შეთანხმებულ მოქმედებებზე, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევას.

მისი თქმით, აღნიშნული პარტიების კოორდინაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს უფრო ემსახურება, ვიდრე – გახარიას პარტიის.

„ბევრი მსჯელობა არ სჭირდება, ყველა ვხვდებით, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება ბევრად უფრო მეტად, ვიდრე გახარიას პარტიის ინტერესებს.

რაც შეეხება საკრებულოებს, სადაც ჩვენ პოლიტიკურ კამათს ვხედავთ, „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი ინტერესი, რომ თვითმმართველობამ ეფექტიანად იმუშაოს და თვითმმართველობამ შეასრულოს ის დავალება, რაც არჩევნების გზით მას მოქალაქეებმა მისცეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, გიგა ფარულავა აირჩიეს.

სხდომას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი აქვს „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“, 20 „ქართულ ოცნებას“, სამი მანდატი აქვს პარტიას „საქართველოსთვის“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები