ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განხილვა დღეს გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განხილვა დღეს გაგრძელდება. პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. სულ 5 მოწმე იქნება წარმოდგენილი, რომლებიც პროკურატურის შეკითხვებს უპასუხებენ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციას, რომლის დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს სამი ახალგაზრდა: მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე. ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულები არიან დათა და ბაჩო ახალაიები, გიორგი მაზმიშვილი, ლევან და მეგის ქარდავები.