საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

 მათივე ცნობით, ახალი სტრატეგიის პროექტი პროკურატურის შემდგომი განვითარების და რეფორმირების გეგმას ითვალისწინებს. პრეზენტაციის მიზანს პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების ინფორმირება და სტრატეგიის შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა წარმოადგენდა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის პროექტში წარმოდგენილია ის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომელთა მიღწევასაც საქართველოს პროკურატურა მომდევნო 6 წლის განმავლობაში გეგმავს.

ირაკლი შოთაძის თქმით, ახალი სტრატეგია საქართველოს პროკურატურის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას ეხება, კონკრეტულად კი, იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველოს პროკურატურა დგას. გენერალურმა პროკურორმა ასევე, მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის წარმომადგენლებს ახალი სტრატეგიის შემუშავებაში გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის.

როგორც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, ახალი სტრატეგია, თვისობრივად პროკურატურის წინა, 2017-2021 წლების სტრატეგიით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების განმტკიცებას და ახალი მიზნების დასახვას ემსახურება. 2017-2021 წლების სტრატეგიის მოქმედების პერიოდში, საქართველოს პროკურატურაში მრავალი მნიშვნელოვანი ინოვაცია დაინერგა, რაც დადებითად შეფასდა, მათ შორის სტრატეგიის ალტერნატიული მონიტორინგის ფარგლებში.

პროკურატურის ახალი სტრატეგია განსაზღვრავს ისეთ პრიორიტეტულ მიზნებს, როგორიცაა:
⦿ საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება
⦿ ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა
⦿ საერთაშორისო თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება
⦿ ორგანიზაციული განვითარების გაუმჯობესება
⦿ საზოგადოების ნდობის ამაღლება.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსმა, მირიან მეგრელიშვილმა, სტრატეგიის დაგეგმვის ძირითად პრინციპებზე და ცალკეულ ამოცანებზე ისაუბრა.
პროკურატურის ახალი სტრატეგია ევროკავშირის, ევროსაბჭოს და აშშ-ს მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით შემუშავდა. სტრატეგიის შემუშავებაში პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.
შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს პროკურატურის ახალი, 2022-2027 წლების სტრატეგია და გამოხატეს მზაობა კვლავ განაგრძონ საქართველოს პროკურატურის მხარდაჭერა სტრატეგიით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები