ამერიკელი სენატორი: რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ – საქართველოს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორს

კონგრესში ჰელსინკის კომისიის მიერ ორგანიზებულ მოსმენაზე – „რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და საერთაშორისო წესრიგი“ (RUSSIA’S ASSAULT ON UKRAINE AND THE INTERNATIONAL ORDER)  სენატორებმა – ბენ კარდინმა და როჯერ ვიკერმა და კონგრესმენმა ჯო ვილსონმა უკრაინასთან ახლოს რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციის შესახებ იმსჯელეს.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობის გამო გაჩენილი შეშფოთების ფონზე, კონგრესმენმა ჯო ვილსონმა უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, უკრაინის მიმართ ამერიკის კოორდინირებული და კონსოლიდირებული პოზიცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ან ანექსირებულ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზეც ვრცელდება და ეს მხარდაჭერა ამ ქვეყნებისთვის ერთგვარი საზომი და სიგნალია.

„პუტინმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-ის კონგრესში ორივე პარტია, როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები, ერთიანნი არიან უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში. მათი მხარდაჭერა მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ – ნებისმიერი იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც დაპყრობილი ან ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ან რომელიც კრემლის მხრიდან იძულების, ან პუტინისგან მომდინარე საფრთხის ქვეშაა, კერძოდ, ბალტიის რესპუბლიკები: ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი“, – განაცხადა ვილსონმა.

რუსეთის მიერ მთელ რეგიონში შექმნილ კრიზისზე გაამახვილა ყურადღება ასევე სენატორმა ბენ კარდინმაც. მისი განცხადებით, რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ერთ ქვეყანას – უკრაინას, არამედ საქართველოს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორს, და უფრო მეტიც, მთლიანი რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. „სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული ძალისხმევა ერთიანი და თავისუფალი ევროპის შენარჩუნებისკენ უნდა იყოს მიმართული“, – ხაზგასმით აღნიშნა ბენ კარდინმა.

რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, 2008 წელს საქართველოს უკანონო ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება სენატორმა როჯერ ვიკერმა. მისი თქმით, „2008 წელს რუსეთის დიქტატორი საქართველოში გამოგონილი საბაბით შეიჭრა“.

მოსმენაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გაცნობიერება არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დღეს არის და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის აგრესიას ერთიანი ფრონტით უნდა დაუპირისპირდეს.

წყარო:imedinews.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები