ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ასოცირების ხელშეკრულებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობასა და ოკუპაციაზე იმსჯელეს.
მისი თქმით, როგორც საქართველოდან, ასევე ევროკავშირიდან ძალიან კარგი გამომსვლელები იყვნენ.
„ევროკავშირი ყოველთვის ღიაა და მოწადინებულია, საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმაოს და ამაზე კითხვა არ არსებობს. ყველაფერი საქართველოს ხელშია. ჩვენ მზად ვართ და მოხარულები ვართ პარტნიორობით, ინტენსიური მუშაობით, ერთად მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვხედავთ ახალ სფეროებს თანამშრომლობისთვის, ისეთი, როგორიცაა ციფრული თანამშრომლობა. ჩვენს პარტნიორობას და მეგობრობას ლიმიტი არ აქვს“, – აღნიშნა კალიურანდმა.
ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მსჯელობა 4 საათს გაგრძელდა. ევროპელმა პარლამენტარებმა ქართველ კოლეგებთან ერთად ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი, საქართველოში გატარებული, დაგეგმილი ნაბიჯები და რეფორმების მიმართულებით არსებული გეგმები განიხილეს.