გია ვოლსკი: კომიკურია ნათელაშვილის განცხადებები იმის შესახებ, რომ საზოგადოება გამოკითხა და, თურმე, სუს-მა ამ გამოკითხვის შედეგები წაუშალა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილება შეაფასა.

„კომიკურია შალვა ნათელაშვილის განცხადებები იმის შესახებ, რომ საზოგადოება გამოკითხა და, თურმე, სუს-მა ამ გამოკითხვის შედეგები წაუშალა. იურისტია და კარგად ესმის ვითარება. მას ჰქონდა ასეთი გამოცდილება – იყო პარლამენტში არჩეული, თავისი გუნდის გარკვეულ წევრებთან ერთად და საპარლამენტო ცხოვრებაში არ მონაწილეობდა, რომ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობა არ ჰქონოდა. „ნაცმოძრაობამ“ მისი გულისთვის შეცვალა კანონი და დაუშვა ის, რომ შეიძლება, სხდომებზე არ მოხვიდე, ხელფასი მაინც მიიღო და პარლამენტის წევრის მანდატი ჯიბეში გქონდეს. დიდი ხანია, ეს შეიცვალა და ლოგიკური გახდა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თუ პარლამენტში არ ხარ და აქტიურად არ მუშაობ, მანდატიც არ უნდა გქონდეს. მით უმეტეს, რომ უკვე დიდი დროა გასული, სხდომების გარკვეული რაოდენობა გააცდინე… მაგრამ არის ერთი ნიუანსი – პარლამენტმა მაინც დატოვა გარკვეული კარი იმ ადამიანებისთვის, ვისაც, რაღაც პოლიტიკური მოსაზრების გამო, პარლამენტში მუშაობა არ უნდათ და ამას წერენ, კეთდება განცხადება, რომ, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ბოიკოტს აცხადებს და პერიოდულად, იმეორებს ამ განცხადებას. მას არც ეს განცხადება არ აქვს დაწერილი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა აქედან გამომდინარე იმსჯელა. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. ამის თაობაზე, უმრავლესობაში მსჯელობა გვექნება“, – განაცხადა ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები