ირაკლი ზარქუა: ნათელაშვილმა აბუჩად აიგდო პარლამენტი, რეგლამენტი, კონსტიტუცია და თავისი ამომრჩეველი
”ნათელაშვილს არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ შემოსულიყო პარლამენტში და იმ მანდატის ფარგლებში, რაც არჩეულ დეპუტატს გააჩნია, განეხორციელებინა თავისი გამოცდილება. შალვა ნათელაშვილმა აბუჩად აიგდო პარლამენტი, რეგლამენტი, კონსტიტუცია, თავისი ამომრჩეველი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, მისი ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ჯერ კიდევ აქვს და შეუძლია, პარლამენტში მივიდეს.
“სამშაბათს სესიაზე გადაწყდება, შეუწყდება თუ არა უფლებამოსილება. მანამდე, არანაირი ზედმეტი ოფისის გახსნა არ უნდა, ნუ ატყუებს, ნუ აფერისტობს, ახლაც აქვს კაბინეტი, სადაც არის აბრა გამოკრული, ისევე როგორც ყველა დეპუტატს ჰქონდა პირველივე დღიდან კაბინეტი, სადაც ერთი დღეც არ შესულა. ასე რომ შეეშვას ამ სისულელეებს. მობრძანდეს, ეს დღეები, ხვალ, ზეგ, მაქსიმუმ სამშაბათს, როცა ჩაინიშნება სხდომა, მას აქვს შესაძლებლობა, რომ დატკბეს აქ სეირნობით. მგონია, რომ შალვასნაირი პოლიტიკოსები პარლამენტში არ უნდა იყვნენ. მე ჩემი პოზიცია მაქვს არგუმენტირებულად. ერთი დღე არ უმუშავია თავისი ამომრჩევლისთვის, არ ვამბობ საქართველოს მოსახლეობისთვის და ამაში იღებდა ხელფასს, საწვავის ფულს, ქირის ფულს და ერთი დღე არ ჩასულა ქუთაისში. ამ მიდგომით ადამიანი ჩვეულებრივი მერკანტილისტია, ჩვეულებრივი გამომძალველია და არ არის ასეთების ადგილი პარლამენტში“, – განაცხადა ზარქუამ.