თინა ხიდაშელი: დარწმუნებული ვარ, ზალკალიანი ბევრ რამეზე ხელს არ მოაწერს

არ მახსენდება არავინ მთავრობაში, ვინც შეიძლება ოდესმე რაიმე გაბედოს და საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ჰქონდეს იმ უწყების მიერ გასატარებელი პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ხელმძღვანელობენ , – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში კიდევ დარჩა ორი მინისტრი, რომელსაც სავარაუდოდ, გაათავისუფლებს და ესენი საგარეო და შს მინისტრები იქნებიან.

„ორად ორი მინისტრია დარჩენილი, რომელიც შესაცვლელი ჰყავს, დანარჩენი ყველა პოლიტიკური წარსულისა და პოლიტიკური მომავლის არ მქონე ადამიანები არიან. მე არ მგონია, რომ თეა წულუკიანს გაუშვებს, ის მისთვის საიმედო საყრდენია. შესაძლებელია, ვისაუბროთ შინაგან საქმეთა მინისტრზე და გარკვეულწილად საგარეო საქმეთა მინისტრზეც, რომელსაც ძალიან პატარა, მაგრამ მაინც ერთგვარად თვითმყოფადი, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და მისი ღირებულებები ჩვენთვის ყველასათვის ცნობილია და ბევრ რამეზე საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ ის ხელს არ მოაწერს. ბოლოში მოსკოვში რომ დაიწყებენ სიარულს იქ დათო [ზალკალიანი] აღარ გაჰყვება.

არ მახსენდება არავინ მთავრობაში, ვინც შეიძლება ოდესმე გაბედოს რაიმე. მე არ ვამბობ, რომ პრემიერს დაუპირისპირდეს, ეს არ არის ამოცანა არცერთი მთავრობის ეფექტურობისთვის. მე ვამბობ იმას, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ჰქონდეს იმ უწყების მიერ გასატარებელი პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ხელმძღვანელობენ, საკუთარი დამოუკიდებელი უწყებრივი პოლიტიკა განახორციელოს. მათ უბრალოდ არ აქვთ ასეთი პოლიტიკური განაცხადი, არასოდეს არ ჰქონიათ და არც არასოდეს არ ექნებათ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები