მათიკაშვილი – ჯაჭვლიანის განცხადებაზე: რა თქმა უნდა, არავინ არავის არ უსმენს
პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, არავინ არავის არ უსმენს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის ყოფილი წევრის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადების პასუხად ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
დეპუტატის თქმით, გაუგებარია, რატომ არ გაამჟღავნა ჯაჭვლიანმა დანაშაული დროულად და რატომ ისაუბრა მომხდარზე ახლა, ოპოზიციური ტელეარხის ეთერში.
“პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, არავინ არავის არ უსმენს. იქნება სოსო ჯაჭვლიანი თუ ნებისმიერი სხვა, ვინც მიიჩნევს, რომ მის მიმართ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, შეუძლია მიმართოს არა ოპოზიციურ არხს, არა პოლიტიკურ ეთერს და პოლიტიკურ განცხადებებს, არამედ სამართალდამცავ ორგანოებს. ყველაფერი დანარჩენი ამ გადასახედიდან სპეკულაციებს ჰგავს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, სოსო ჯაჭვლიანმა გუშინ “TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 2015 წელს, საძინებელში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა. ჯაჭვლიანის ინფორმაციით, ამ ფაქტის მოწმე არის ლუკა კურტანიძე. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს უამბო, თუმცა, რეაგირება არ მოჰყოლია.