“მაწონი” და არა “მაცუნი” – საქართველო სომხებს ამ სახელწოდების პროდუქტის რუსეთში გატანას უკრძალავს
საქართველოს ხელისუფლებამ სომხეთს რუსეთში რძის პროდუქტის მარკირებით „მაცუნის“ ექსპორტი აუკრძალა.
ამის შესახებ “არმენპრესი” წერს.
აკრძალვა დაწესდა იმის გამო, რომ საქართველომ თავისი ეროვნული პროდუქტი „მაწონი“ ინტელექტუალური საკუთრების პროდუქტად დააპატენტა.
“მაცუნს” კი, რომელსაც კომპანია “მარიანა” აწარმოებს, რუსეთში საქართველოს გავლით ვერ გაიტანს, რადგან საქართველომ მაწონი დაარეგისტრირა გეოგრაფიულ აღნიშვნად (GI). ამის შემდეგ მწარმოებელმა დაიწყო მაცუნის ექსპორტი რუსეთში წარწერით – „სომხური მთის იოგურტი“.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრის პრესმდივნის, გაიანე ანტონიანის თქმით, სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე უფლებამოსილმა ორგანომ, სახელწოდების „მაწონის“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, პროტესტი ევროკავშირისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს ჯერ კიდევ 2011 წელს წარუდგინა.
მაშინ სომხეთმა თავისი მიმართვა იმით ახსნა, რომ სახელწოდება „მაწონი“ დამაბნეველად ჰგავს სომხეთში წარმოებულ რძის პროდუქტს „მაცუნს“. მაგრამ მიმართვა არ იქნა გათვალისწინებული.
ანტონიანის თქმით, სომხეთი ქართულ მხარესთან ერთად არკვევს გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების საკითხებს.
კომპანია „მარიანაში“ ამბობენ, რომ რუსეთი არ აპროტესტებს სახელის „მაცუნის“ გამოყენებას. თუმცა, ვინაიდან პროდუქტი სომხეთიდან რუსეთში საქართველოს გავლით გადის ექსპორტზე, ეტიკეტირების პრობლემა ჩნდება.
“საქართველომ გეოგრაფიული აღნიშვნა მრავალი წლის წინ დაარეგისტრირა, მაგრამ ბოლო დრომდე არ იყო არანაირი მოთხოვნა, აკრძალვა და დაბრკოლება”, – განმარტეს კომპანიაში.