„საქნახშირი“„მინდელის“ შახტზე მომხდარი შემთხვევის შესახებ პირველად შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამ ეტაპისთვის, ცნობილია, რომ აფეთქება გამოიწვია ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ როგორც სამუშაოების წარმოებისას, ასევე, საგზაო დაცვის სამსახურის მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემისას.
კომისიის წინასწარი მონაცემებით, დგინდება, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე გამორთული იყო განიავების ვენტილატორი, ასევე, სამთო ოსტატის მიერ არ მოხდა მუშების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა.
ამასთან, ოსტატ-ამფეთქებლებმა დაარღვიეს „სტანდარტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების შესახებ.“ ადგილი ჰქონდა სამუშაოების თვითნებურად გადანაწილებას. პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლების მიხედვით, ამფეთქებელი არ მისულა ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარების ადგილზე, არ შეამოწმა ასაფეთქებელი ადგილი და ისე განახორციელა აფეთქება.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება და საბოლოო დასკვნა, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი.