რუსეთის ულტიმატუმი სრული კრახით დასრულდა- გიორგი ცუცქირიძე

რუსეთის ულტიმატუმი, რომლის ერთ-ერთი მიზანიც არსებულ უკვე ფაქტობრივად ბი პოლარულ გეოპოლიტიკურ სივრცეში აშშ – ს და ჩინეთის შემდეგ, მესამე ცენტრად ქცეულიყო, სრული კრახით დასრულდა. შემთხვევით არ იყო, რომ რუსული ულტიმატუმი სწორედ გავლენის სფეროების დაკანონებას მოითხოვდა, პოსტსაბჭოთა სივრცით, რაზეც ბუნებრივია დასავლეთი ვერ წავიდოდა და არც წავიდა, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

მისივე თქმით, არანაკლებ საინტერესო განცხადება გაკეთდა პეკინში ოლიმპიადაზე პუტინის ვიზიტისას, მისი და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებაში პირდაპირ იყო ხაზგასმული, რომ რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან “ნატო”-ს შემდგომ გაფართოებას. ამ განცხადებითაც დადასტურდა, რომ რუსული შანტაჟის უკან ჩინეთი იდგა, რაც თავის დროზე ჩვენც გამოვთქვით.

“მართალია, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში კვლავ არსებობს შიში რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის ალბათობაზე, თუმცა ვფიქრობ ომის საფრთხე ფაქტობრივად აღარ არსებობს. რუსეთს ეს კუნთების თამაში ბუმერანგივით შემოუბრუნდა. მარტო აშშ ის მხრიდან უკრაინამ უკვე მიიღო სოლიდური სამხედრო დახმარება, რაც დღემდე გრძელდება. ამას დაემატა არანაკლები მნიშვნელობის პოლიტიკური აქტიც ბრიტანეთის-პოლონეთის და უკრაინის კავშირის შექმნაზე, რაც ბრიტანეთის პრემიერის მიერ, უკვე ოფიციალურად გაჟღერდა. ნიშანდობლივია, რომ პრემიერ ჯონსონის მიერ, ამ გაერთიანების კონტექსტში, რაც შავი ზღვის და ატლანტიდის ოკეანის საზღვაო აკვატორიასაც მოიცავს, საქართველოზე და მოლდოვაზეც გამახვილდა ყურადღება. პოლონეთის პრეზიდენტის სასწრაფო ვიზიტიც ამ ახალი რეალობის მოცემულობადაც უნდა მივიჩნიოთ.

ამ ტიპის სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის პირობებში, რასაც ემატება თავად უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთება, არა თუ უახლოეს მომავალში, რუსეთს დღესაც სერიოზული სამხედრო დანაკარგი და ადამიანური მსხვერპლი ექნება უკრაინაში შესაძლო ინტერვენციისას.

სამხედრო უპირატესობის თვალსაზრისით რუსეთს დასავლეთთან არანაირი შანსი არა აქვს.

თვალსაჩინოებისათვის, რუსეთს მეხუთე თაობის მხოლოდ 3 თვითმფრინავი მიგ-57 ჰყავს, მის მოკავშირე ჩინეთს 150 თვითმფრინავი, მაშინ როცა მარტო აშშ-ს საჰაერო ძალები ითვლიან 1740(F-35), და 322 F-22.

საზღვაო ძალების თვალსაზრისით ეს უპირატესობა კიდევ უფრო ცხადი ხდება. რუსეთს მხოლოდ 1 ავიამზიდი “ადმირალი კუზნეცოვი” ჰყავს, ისიც მოძველებული ტექნოლოგიებით, ჩინელებს -3 ავიამზიდი,

ამ დროს 3 ულტრათანამედროვე ავიამზიდი ინგლისსაც ჰყავს, ხოლო აშშ-ს 10 სულ ბოლო მოდელის ავიამზიდი, სადაც თითოეული 70-80 თვითმფრინავს ატარებს.

ამასთან, აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი 760 მილიარდი დოლარია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება არა თუ რუსეთის 60 მილიარდიან ბიუჯეტს, არამედ ჩინეთისასაც რომელიც 400 მილიარდამდეა.

ჩინეთის ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივა (BRI), როგორც ჩინეთის ექსპანსიის გეოპოლიტიკურ ალტერნატივას და ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის საპირწონედ.

ლონდონი ვაშინგტონთან ერთად ახორციელებს ორ ახალ გეოპოლიტიკურ ღერძს: AUKUS-ს (ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო და აშშ), QUAD-ს (აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი) და რამდენიმე პოტენციურ მოკავშირე — სამხრეთ კორეასა და ფილიპინებს საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემებით. ამას ემატება სწორედ პოლონეთი-უკრაინა-ბრიტანეთი კონტინენტური ევროპის ნაწილი და თურქეთი, რომელიც თავის დროზე, გასული საუკუნის 20 იან წლებში, სწორედ ლონდონის ძალისხმევით გადაურჩა დაშლას. რეალურად თუ ამ ქვეყნების ეკონომიკებს გავაერთიანებთ, ინდოეთის მზარდი ზრდის პოტენციალით მივიღებთ უმსხვილეს გეოპოლიტიკურ რუკას. მარტო დღევანდელი მონაცემებით ამ გაერთიანების მთლიანი მშპ არის 40 ტრილიონი აშშ დოლარი, კიდევ უფრო მეტად ზრდის პოტენციალით.

ეს არის მსოფლიოს წამყვან 20 ეკონომიკაში, პირველი, მესამე, მეხუთე და მეექვსე ეკონომიკები. აშშ(GDP: 22.94 ტრილიონი აშშ დოლარი), იაპონია: (GDP: 5.10 ტრილიონი აშშ დოლარი), დიდი ბრიტანეთი(GDP: 3.11 ტრილიონი აშშ დოლარი), ინდოეთი: (GDP: 2.95 ტრილიონი აშშ დოლარი), დამატებული მე-13 ეკონომიკა ავსტრალია( GDP: 1. 61 ტრილიონი აშშ დოლარი), სამხრეთ კორეა მე-10 ეკონომიკა(GDP: 1. 82 ტრილიონი აშშ დოლარი), ფილიპინები 0.377 ტრილიონი, თურქეთის მე -20 ეკონომიკა GDP: 0. 850 ტრილიონი აშშ ), და 23 ეკონომიკა პოლონეთი (GDP: 0. 65 ტრილიონი აშშ დოლარი), სულ 39 ტრილიონი., რაც მსოფლიო ეკონომიკის 40 პროცენტია.

ამის საპირწონედ, ჩინეთი (GDP: 16.6 ტრილიონი) და რუსეთი(GDP: 1.7 ტრილიონი აშშ დოლარი), ბელორუსით და მაქსიმუმ შუა აზიის რესპუბლიკებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, ეს არის ჩინეთის მუქარა დასავლეთისადმი, რომ ის იძულებული შეიძლება გახდეს ტაივანის საკითხი სამხედრო გზით გადაწყვიტოს, რაც დიდი ალბათობით რუსული შანტაჟის მაპროვოცირებელი ფაქტორიც გახლავთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა სი ძინპინს ნათლად მიანიშნა, რომ ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში, ჩინეთი დაუპირისპირდება არა მარტო აშშ-ს, არამედ უფრო ფართო ალიანსს: AUKUS-ს და QUAD-ს სახით, რამდენიმე პოტენციურ მოკავშირესთან— სამხრეთ კორეასა და ფილიპინებთან ერთად.

ჩვენ ვდგავართ ახალ ისტორიულ გასაყარზე, წინ მეტად საინტერესო ათწლეული გველოდება, რუსული იმპერიის გარდაუვალ რღვევასთან ერთად, სერიოზული შანსი გვიჩნდება არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, არამედ დასავლური ცივილიზაციის ნაწილად ქცევისაც. ჩვენი ისტორიული არჩევანიც, როდესაც ქრისტიანობა ვაქციეთ სახელმწიფო რელიგიად, სწორედ დასავლეთს უკავშირდებოდა, ჯერ ბიზანტიის, შემდეგ რუსეთს, რომელიც იმ დროს ევროპაში ფანჯრად განიხილებოდა, დღევანდელი რუსეთისაგან განსხვავებით”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები