დევი ტაბიძე: „ომიკრონი” კოვიდინფექციის სრული დასასრული არაა, ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელს მაინც მოგვიწევს
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, ქვეყანა „ომიკრონის” გავრცელების პიკზეა და 10-14 დღის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა კლებას დაიწყებს.
ამის შესახებ ტაბიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღევანდელი ეპიდსიტუაცია გვაძლევს იმის თქმით საშუალებას, რომ ჩვენ „ომიკრონის” პიკზე ვიმყოფებით. გვაქვს სულ მცირე პერიოდი დარჩენილი, დაახლოებით, 10 დღე, 2 კვირა და ამის შემდეგ ის დაიწყებს კლებას.
“ომიკრონმა” თავისი მოქმედების ახალი წესები შემოგვთავაზა. „ომიკრონი” არ არის კოვიდინფექციის სრული ე.წ. დასასრული და წერტილი. არ მიიღოს მოსახლეობამ ისე, რომ ჩვენ რამე ახალს ველოდებით, ან გართულებებზე ვსაუბრობთ. ყველა ვირუსი, რომელიც მთელს დედამიწაზე დღევანდელ დღემდე, მრავალი საუკუნის განმავლობაში გავიარეთ, პრაქტიკულად, ჩვენს ორგანიზმში არსებობს და ჩვენ მასთან ერთად ვცხოვრობთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსებთან ერთად თანაცხოვრება.
ნიღბის ტარებაზეც კი არის პრეტენზია, არათუ ვაქცინაციაზე, რომელიც გადარჩენის ერთადერთი გზაა. ჩვენ ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელიწადი მაინც მოგვიწევს. იმიტომ, რომ რეალურად ნიღაბი და სოციალური დისტანცია არის ასეთი ტიპის ვირუსების ერთ-ერთი საკონტროლო გზა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს.
თუ ოჯახში არის 4 წევრი და ყველა არის სიმპტომიანი, ერთი წევრი იკეთებს გამოკვლევას და დადებითი პასუხის შემთხვევაში, დანარჩენი სამი წევრი თვლის, რომ მათაც აქვთ ეს დაავადება. ეს გვაძლევს ძალიან დიდ აცდენას სტატისტიკურ მონაცემებში. თუ ვამბობთ, რომ არის ინფიცირების 25 000 შემთხვევა, რეალური შემთხვევა 100 000-ია, რომელიც ბინაზე მკურნალობს“ – განაცხადა ტაბიძემ.
თამუნა შეყილაძე