რამაზ საყვარელიძე: ოპოზიცია არასდროს ყოფილა ისეთი დაქსაქსული, როგორიც ახლაა

“მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ “ნაციონალებმა” ციხესთან მხარდამჭერების მობილიზებაც ვერ მოახერხეს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ოპოზიცია დაქსაქსულია.

“დღეს მსოფლიოში ისეთი მასშტაბის პროცესი მიმდინარეობს, რომელთანაც საქართველოს პოლიტიკური წონა მოსატანიც არ არის. საქართველოს აქვს თავისი გაცხადებული პოზიცია, რომლიდანაც არ გადაუხვევია, ახლა დგას და ელოდება. მოლოდინი ცუდი არ არის. იაპონურ ანდაზას შეგახსენებთ, ნუ გაეკიდები მტერს, დაჯექი მდინარესთან და მის გვამს ჩამოატარებსო. დააცადე, რა იცი, რა ხდება?! ჩვენ ჩვენი ამოცანები გვაქვს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თავადაც აქტიურები არიან და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ჩვენ მათგან განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთს მიტაცებული აქვს. ხელისუფლებამ თავისი იმით საქციელი ახსნა, რომ სიფრთხილე გამოიჩინა. რეზოლუციაში რუსეთის ხსენება შეიცავს თუნდაც იმ საფრთხეს, რომ ჩასვამდა სატვირთო თვითმფრინავში რუსეთში მცხოვრებ ქართველებს და გამოუშვებდა. არ გაუკეთებია?! რატომ არ ვფიქრობთ იმ ქართველებზე, რომლებიც შესაძლოა რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ხოლო თუ რას გააკეთებდა ამათ ნაცვლად სააკაშვილი, რასაც პუნქტობრივად წერს, დიახ, ამას იზამდა, მოქმედების თავისუფლება რომ ჰქონდეს. და ასეთი გადაწყვეტილებებით დაგვაყენებდა ისეთი ქვეყნების რიგში, როგორიც არის ამერიკა და ინგლისი! იცით, პრობლემა რა არის?! ინგლისსა და ამერიკას რუსეთი არ/ვერ უპასუხებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ დაგვტოვებს უპასუხოდ. ერთ მხარეს დევს რეზოლუციაში რუსეთის ხსენება-არხსენების საკითხი და მერე მხარეს – ადამიანების ბედი.

ვის სჭირდება მსხვერპლი?! 2008 წლის მოვლენების შემდეგ დაწერილ ტალიავინის დასკვნაში ევროპელები გვსაყვედურობენ, ქართველები პროვოკაციაზე არ უნდა წამოგებულიყავითო. საბაბი არ უნდა მიგვეცა რუსეთისთვის, რომ საომარი მოქმედებები დაეწყო! ხომ არ გეჩვენებათ, რომ სააკაშვილის ეს იდეებიც შეიძლებოდა რუსეთის ხელახალი აგრესიის საბაბი გამხდარიყო? შემიძლია ვთქვა, რომ ამ იდეების ავტორი დაუფიქრებლად მოქმედებს. პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, ემოციებს არ აჰყვეს. მისი მსჯელობა პოლიტიკური გათვლების შედეგი უნდა იყოს. თუ ის გრძნობებს აჰყვება, ესე იგი, პოლიტიკოსად არ ვარგა. კი, ადრე ვამბობდი, რომ სააკაშვილი კარგი პოლიტიკოსი იყო და ახლაც ასე ვფიქრობ. უბრალოდ, არა მგონია, დაუფიქრებლად მოქმედებდეს. თავისი განცხადებებით მიზნის მიღწევას ცდილობს. ახლაც ხან დეპრესიაზე საუბრობს, ხან ვერნიკეს სინდრომზე და ხან რაზე… ამით მანიპულირებს – ხან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს და ხან საზღვარგარეთ მკურნალობას. ეს დიაგნოზები სწორედაც პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება… მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი საქართველოში საბრძოლველად ჩამოვიდა. საბრძოლველად მომზადებული ადამიანი თანაპარტიელებს დაუკავშირდებოდა, ეგ კიდევ კონსპირაციულ ბინაში ხინკალს ჭამდა. სააკაშვილი საქართველოში არჩევნების დროს ჩამოვიდა. რა შედეგი მიიღეს “ნაციონალებმა” ამ არჩევნებში?! რამდენიმე რგოლში კი აღნიშნეს გამარჯვება, მაგრამ მეეჭვება ეს სააკაშვილის დამსახურება ყოფილიყო. როგორც ადგილობრივ არჩევნებში ხშირად ხდება, ეს კანდიდატის პიროვნული ფაქტორით იყო განპირობებული. სხვა რაზე შეიძლებოდა ემოქმედა ან აწი რაზე შეიძლება იმოქმედოს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ “ნაციონალებმა” ციხესთან მხარდამჭერების მობილიზებაც ვერ მოახერხეს. ერთადერთი, რაზეც სააკაშვილმა გავლენა მოახდინა, იყო მისი მოწინააღმდეგეების მობილიზება და ვერ ვიტყვი, რომ ეს “ნაციონალებისთვის” მომგებიანია”.

ადრეც ყოფილა თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტურები, უბრალოდ, მაშინ ოპოზიციამ ბოლომდე ვერ გაიმარჯვა. ნარმანიას დროსაც არჩევნების ორი ტური ჩატარდა, სერიოზული საფრთხე იდგა იმისა, რომ დედაქალაქი ოპოზიციის ხელში აღმოჩენილიყო. ამჯერადაც ასე არ იყო? ასეთი რამ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვეულებრივი ამბავია და ამ მხრივ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი არაფერი ხდება. საკრებულოში კი შეთანხმდნენ, მაგრამ არა მგონია სხვა საკითხებზეც მოახერხონ თანამშრომლობა. ოპოზიცია არასდროს არ ყოფილა ისეთი დაქსაქსული, როგორიც ახლაა. ნახეთ, ახლა სააკაშვილის საქმის შესახებ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა გახდება განხეთქილების საგანი. კომისიის შექმნას პატარა პარტიები მხარს არ დაუჭერენ. ასეთი საკითხი მომავალში უფრო და უფრო მეტი გამოჩნდება. მმართველი გუნდი ამ ინიციატივას მხარს უჭერს იმიტომ, რომ თავისი სიმართლის დამტკიცება სურს, აი, “ნაციონალებს” რისი იმედი აქვთ, არ ვიცი”,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები