„არცერთი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი მუტაციის კორონავირუსი აქვს გადატანილი, დაცულად არ ითვლება“ – ივანე ჩხაიძე რეინფიცირების შემთხვევებზე საუბრობს
“დღეისათვის არცერთი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი მუტაციის კორონავირუსი აქვს გადატანილი, დაცულად არ ითვლება”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეისათვის „ომიკრონი“ კორონავირუსის ყველა მუტაციას შორის ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსად განიხილება. როგორც ჩხაიძემ განმარტა, ადრე გადატანილი, კორონავირუსის არცერთი ვარიანტი „ომიკრონისთვის“ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
„რეინფიცირების შემთხვევები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას რეინფიცირებასთან დაკავშირებით შეხედულება იცვლებოდა. პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, როდესაც ძირითადად კორონავირუსის ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა, მსოფლიოში რეინფიცირების 114 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. რეინფიცირება ძალიან იშვიათი იყო და კორონავირუსი განიხილებოდა, როგორც ნაკლებად რეინიფიცრების უნარის მქონე ვირუსი. გარკვეულწილად, ეს კარგი ინფორმაცია იყო, ეს ნიშნავდა იმას, რომ თუ კორონავირუსი ერთხელ გადაიტანეთ, იმუნიტეტი საკმაოდ ხანგრძლივი და მყარი გაქვთ. ეს ყველაფერი „ომიკრონმა“ შეცვალა. დღეისათვის „ომიკრონი“ყველა მუტაციას შორის ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსად განიხილება. შესაბამისად, ადრე გადატანილი კორონავირუსი, მისი არცერთი ვარიანტი, „ომიკრონისთვის“დაბრკოლებას არ წარმოადგენს. „ომიკრონის“ გავრცელების ერთერთი დამახასიათებელი თავისებურება სწორედ რეინფიცირებაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, პირველი შემთხვევა გვაქვს, როცა პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში რეინფიცირების დეტალური ანალიზია წარმოდგენლი.
„საქართველოში გვაქვს შესაძლებლობა, ზუსტად აღვნიშნოთ, რამდენია საეჭვო, რამდენია დადასტურებული შემთხვევა. მე იმ რიცხვებს მოვიყვან, რაც ორიოდე დღის წინ „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მერვე გადახედვის მასალებში იყო გამოქვეყნებული, სადაც რეინფიცირებას ცალკე თავი ეძღვნება. ესაა პირველი შემთხვევა პანდემიის მიმდინარეობისას, როდესაც ქვეყანაში რეინფიცირების დეტალური ანალიზია წარმოდგენლი. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, სავარაუდო რეინფიცირების რაოდენობა 10 977 შემთხვევაა. თუმცა, აქედან სეკვენირება 41 შემთხვევაშია ჩატარებული. დღეისათვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია რეინფიცირების მხოლოდ 16 შემთხვევა, რაც მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას ზუსტად შეესაბამება. მსოფლიოში ოფიცილურად რეინფიცირების 554 შემთხვევაა დადასტურებული. საეჭვო შემთხვევების რაოდენობა კი მილიონზე მეტია.
დღეს „ომიკრონი“ განიხილება, როგორც მუტაცია, რომელსაც რეინფიცირების 5-ჯერ მეტი უნარი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ვირუსს. დღეისათვის არცერთი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი მუტაციის კორონავირუსი აქვს გადატანილი, დაცულად არ ითვლება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
თამუნა შეყილაძე