“სემეკი”, მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე, “თელმიკოს” და “თელასის” შემოწმებას იწყებს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე, მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს შეისწავლის.
ამ დროისთვის, “სემეკ”-ში 700-მდე საჩივარია შესული. საჩივრები დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს შეეხება – მოქალაქეების თქმით, მათ არაადეკვატურად გაზრდილი თანხა დაერიცხათ – საშუალო სტატისტიკურ ოდენობაზე მრავალჯერ მეტი.
“თელმიკოს” და “თელასის” მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხა უკან დაუბრუნდებათ.
“თელმიკოსა” და “თელასის” შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა.
“მოხდება მთლიანად ტექნიკური ციკლის შესწავლა, მაგალითად, რა ადამიანური რესურსი აწარმოებს აღრიცხვას, რა მეთოდით აწარმოებენ, ზუსტად აქვთ თუ არა შესაძლებლობა, ამოიწერონ თუ არა მრიცხველიდან ჩვენებები, მაშინვე ასახონ პლანშეტებში, გადაგზავნა როდის ხდება და ა.შ.
საჭირო გახდა იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოირიცხოს საუბარი იმაზე, რომ ეს შეიძლება ხდებოდეს განზრახ და შედიოდეს ვინმეს ინტერესებში. და მეორე: აღარ დაფიქსირდეს რეციდივი”, – ამბობს ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი.
ბოლო რამდენიმე თვეა, სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადს იღებენ.