აზერბაიჯანს საქართველოდან განჯის ჭიშკრის დაბრუნება სურს

აზერბაიჯანი საქართველოდან ისტორიული არტეფაქტის – განჯის ჭიშკრის დაბრუნებას გეგმავს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, ანარ კარიმოვმა 3 თებერვალს, განჯაში გამართული ვიზიტისას განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“ჩვენ განვიხილავთ განჯის ჭიშკრის აზერბაიჯანში დაბრუნებას მოლაპარაკებების გზით. მოლაპარაკებები არ არის მარტივი. ჩვენი მიზანია ჭიშკრის აზერბაიჯანში დაბრუნება”, – განუცხადა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ჟურნალისტებს.

კარიმოვის თქმით, განჯის ჭიშკრის აზერბაიჯანში დაბრუნების თემა მან 2021 წელს, საქართველოში ვიზიტის დროს წამოჭრა. მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი აზერბაიჯანული მხარის მიერ საქართველოსთან სამთავრობათაშორისო კომისიის დღის წესრიგშიც არის შეტანილი.

ცნობისთვის, ისტორიული წყაროების თანახმად, მეფე დემეტრე I-მა 1138-1139 წლებში განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, ხოლო მისი ჭიშკარი გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა. ისტორიული არტეფაქტის ფრაგმენტი ქართული წარწერით დღემდე გელათშია დაცული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები